ჯონ ჯუანდამ Triton Poker Montenegro-ზე შორთ დექ ივენთი მოიგო
დიდი ხანია, რაც ჯონ ჯუანდასგან მნიშვნელოვანი სიახლე არ გაგვიგია. მიუხედავად იმისა, რომ ის გემბლერების წინა თაობას ეკუთვნის, ჯუანდამ თანამედროვე ჰაი როლერებით დაკომპლექტებულ ურთულეს ლაინ-აფზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლეგენდარულმა ინდონეზიელმა მოთამაშემ მონტენეგროშ მიმდინარე Triton Poker-ის სერიებზე 84 მოთამაშიანი ფილდი დაამარცხა და $613.600 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო.
Poker Hall of Fame-ის წევრმა Triton-ის სერიებზე მეორედ მიაღწია დიდ წარმატებას. პირველად მან 2017 წელს გაიბრწყინა, როცა Triton Macau HKD 1.000.000 Main Event-ის ფინალურ ჰედს-აპში ფედორ ჰოლცი დაამარცხა და $2.872.299 დოლარი მოიგო.
"ასეთი ტურნირის მოგება მართლაც ძალიან სასიამოვნოა" - ამბობს ინდონეზიელი მოთამაშე.
შორთ დექის ტურნირზე 84 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ დამატებით კიდევ 29 რე-ბაი გაკეთდა, რაც ჯუანდას საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. მიუხედავად ამისა, ფინალური მაგიდის 4 მონაწილე სწორედ მან გამოთიშა ასპარეზობას. უკანასკნელი შვიდეულის წევრებში დენ ქეითსი, პიტერ ჯეტენი და მაიკლ სოიზა შედიოდნენ.
ჯუანდას ფინალური მეტოქე დენიელ დვორესი იყო. დაპირისპირებულ მხარეებს თანაბარი სტეკები აღმოაჩნდათ. მიუხედავად ამისა, მოვლენები სწრაფად განვითარდა: დვორესის AA ჯუანდას QJ-ს დაუპირისპირდა. ბორდის გაფლეშების შემდეგ, კანადელის საუკეთესო საწყისი ხელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც მთელი მისი სტეკი შეეწირა. საბოლოოდ, დვორესს $410.800 დოლარი შეხვდა.