მიკიტა ბადიაკოვსკის $1.729.000 დოლარიანი გამარჯვება
მონტენეგროში მიმდინარე Triton Poker-ის ფესტივალზე, ჰოლდემისა და ომაჰას რამდენიმე ივენთის შემდეგ, შორთ დექის ტურნირების დრო დადგა. ერთ-ერთი მათგანი გუშინწინ ჯონ ჯუანდამ მოიგო.
ამჯერად, $96.000 დოლარიანი ტურნირის გამარჯვებული მიკიტა ბადიაკოვსკი გახდა, რომელმაც ბანკროლი $1.729.000 დოლარით შეივსო.
52 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, ფინალური ექვსეულისთვის $4.860.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი შეიკრიბა, რომელში მოხვედრა ვერც აიზიკ ჰექსტონმა, ვერც რიჩარდ იონგმა და ვერც დენიელ დვორესმა შეძლეს. არა და, ისინი მონტენეგროში გამართული Triton-ის ყველაზე წარმატებული მოთამაშეები არიან. ამჯერად მათი მომენტი ნამდვილად არ ყოფილა.
სამაგიეროდ, ფულში შესვლა პოლ ფუამ მოახერხა. ის უკვე რეკორდს ფლობს: Triton-ის სერიებზე, საერთო ჯამში, მან 12-ჯერ შეძლო საპრიზო ადგილის დაკავება. მიუხედავად ამისა, ფუას ანგარიშზე არცერთი მოგებული ტურნირი არაა.
რაც შეეხება ფინალურ ჰედს-აპს, რომელიც მიკიტა ბადიაკოვსკისა და სემ გრინვუდს შორის გაიმართა: ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, რადგან გრინვუდი KQ-ით ბადიაკოვსკის AA-ს დაუპირისპირდა. საქმეში შორთ დექის სპეციფიური მათემატიკა ჩაერთო და კანადელს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მიუხედავად ამისა, ბელარუსმა მოთამაშემ საქმე მოკლე დროში დაასრულა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება მიიღო: "შორთ დექში სულ ვაგებდი. ფულში ღრმად შესვლა პირველად მოვახერხე და მეგონა, რომ ამით მორჩებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, პირველ ადგილზე გავედი."