ჰედს-აპი ელექტროშოკით: ესფანდიარისა და ჰელმუტის ახალი სანაძლეო
"არაფერი მანიჭებს ისეთ სიხარულს, როგორც ჰელმუტის ტანჯვა" - სიტყვები ანტონიო ესფანდიარის ეკუთვნის. ძველი "მტრები", რომლებიც ერთმანეთს ტკივილისთვის ადვილად იმეტებენ, კამერებს მიღმა კარგი მეგობრები არიან.
მათ კომბინირებულ შემოსავალს თუ განვიხილავთ, ორივე მოთამაშის ანგარიშზე $50 მილიონ დოლარზე მეტი მოგებაა. რა თქმა უნდა, მათი ჰედს-აპ დაპირისპირება ფულზე მაღლა დგას - წყვილმა რაიმე განსაკუთრებულზე უნდა ითამაშოს.
ცოტა ხნის წინ, ანტონიო ესფანდიარიმ ფილ ჰელმუტთან ჰედს-აპის გამართვის სურვილი გამოთქვა, საკმაოდ საინტერესო ფინალით: გამარჯვებულ მოთამაშეს უფლება ექნებოდა, დამარცხებულისთვის სპეციალური ელექტროშოკერიდან ესროლა. როგორც წესი, ასეთ იარაღს პოლიცია იყენებს, პოტენციური დამნაშავის დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად, ან უმსხვერპლოდ მის გასანეიტრალებლად.
ჯერჯერობით, მძიმე დანაშაული არცერთი მოთამაშის კისერზე არაა. რა თქმა უნდა, ოპონენტების მუდმივ შეურაცხყოფასა და ტურნირის სათამაშო მაგიდის ქვეშ, ბოთლში მოშარდვას თუ არ ჩავთვლით.
მაისის დასაწყისში, ჰელმუტმა ესფანდიარის გამოწვევა მიიღო. "ეს ყველაფერი 2019-ში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. მე NBC Heads-Up-ის ფორმატი მაწყობს. ლეველები 10 ან 20 წუთით გავზარდოთ" - წერს 'ტვიტერზე' WSOP-ის რეკორდსმენი.
ანტონიო ესფანდიარისთვის უცნაური სანაძლეოები უცხო არაა. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი რთული სანაძლეოს შესასრულებლად, ტურნირის მსვლელობისას, მან პირდაპირ სათამაშო მაგიდის ქვეშ, ბოთლში მოშარდა. ცოტა ხნის წინ კი, კრივის მატჩში, კომიკოსი კევინ ჰარტი დაამარცხა.