ვინ არის ბრინ კენი? - ადამიანი, რომელმაც პოკერის მაგიდებთან $55.000.000 დოლარი მოიგო
ახალგაზრდა ბრინ კენისთვისთვის რომ გეთქვათ, 32 წლის ასაკში $55.000.000 დოლარი გექნება მოგებულიო, სავარაუდოდ, ძალიან გაეცინებოდა. ალბათ, ბრინ კენი ახლაც იცინის, რადგან გასულ კვირას, ლონდონში მიმდინარე Triton-ის სერიებზე, £1.050.000 ფუნტ სტერლინგიანი საქველმოქმედო ტურნირის მე-2 ადგილისთვის, ამერიკელმა მოთამაშემ £16.890.509 ფუნტ სტერლინგი მიიღო, რაც დოლარში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით, $20.563.324 აშშ დოლარია.
უკანასკნელი მოგებით, ბრინ კენის საერთო სატურნირო შემოსავალი $55.505.630 დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა. ჯასტინ ბონომო, რომელიც მე-2 ადგილს იკავებს, მას $7.000.000 დოლარით ჩამორჩება.
ბრინ კენი პოკერის ინდუსტრიის ერთ-ერთი ფერადი და სიტყვაუხვი "პერსონაჟია", რომელსაც პოლიტიკური კორექტულობა დიდად არ ადარდებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე კენიმ განცხადება გამოაქვეყნა, რომ $1.000.000 დოლარს გადაიხდიდა თუ ჯასტინ ბიბერთან MMA-ის რინგზე ჩხუბის საშუალება მიეცემოდა. მაშინ, როცა ცნობილი მოთამაშეები მაქსიმალურად ფრთხილად არჩევენ საკუთარ განცხადებებსა და რიტორიკას, ბრინ კენი დაუფარავად ამბობს იმას, რაც გონებაში აქვს - ასეთი საქციელი, ხშირად, მაყურებლების გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, ის ნამდვილი მიგნებაა ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ვრცელი და გულახდილი ინტერვიუების დაბეჭდვა სურთ.
ბრინ კენის პირველი ოფიციალური მოგება 2007 წლით თარიღდება, როცა 21 წლის ასაკში, $1.070-იანი ტურნირში 184-ე ადგილისთვის $34.446 დოლარი მიიღო.
მისი პირველი ექვსნიშნა ანაზღაურება 2010 წლის WSOP-ზე მოვიდა: ულიმიტო ჰოლდემის $25.000 დოლარიან ტურნირზე კენიმ მე-8 ადგილი დაიკავა, რაც $141.168 დოლარიან შემოსავალს ნიშნავდა. ერთ კვირაში, კენიმ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და 28-ე ადგილისთვის, WSOP-ის მეინ ივენთზე $255.242 დოლარი მოიგო.
ის ნელ-ნელა ჰაი როლერ მოთამაშედ ყალიბდებოდა: "პატარ-პატარა" მოგებებით მას ძვირადღირებულ ტურნირებზე დარეგისტრირების საშუალება ეძლეოდა.
მას კიდევ 5 წელი დასჭირდა, რათა პირველი რეალურად დიდი მოგება მიეღო. 2015 წელს $100.000-იან PCA-ზე მან მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ პოკერის აქტიური შესწავლის შემდეგ, რამაც თამაშის დახვეწის საშუალება მისცა, 2016 წელს კენიმ $100.000-იანი PCA-ის მოგება შეძლო, რამაც $1.687.800 დოლარიანი მოგება მოუტანა. ამის შემდეგ, კენის კარიერა თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა: ის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირების რეგულარული მოთამაშე გახდა. მართალია, ყოველთვის პირველი ადგილის დაკავებას ვერ ახერხებდა, მაგრამ საკუთარი რეპუტაცია საშუალებას აძლევდა, მნიშვნელოვან მომენტში მოწინააღმდეგესთან მძიმე მოლაპარაკება ეწარმოებინა, რაც ხშირად იმით სრულდებოდა, რომ მე-2 ადგილზე გასული კენი გაცილებით დიდი თანხის მფლობელი ხდებოდა, ვიდრე თავად ტურნირის გამარჯვებული.
ამ მომენტისთვის, ბრინ კენი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა. საერთაშორისო ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | კარიერული მოგება |
1 | ბრინ კენი | აშშ | $55.505.634 |
2 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $48.508.780 |
3 | დენიელ ნეგრანუ | კანადა | $41.857.384 |
4 | დენ სმიტი | აშშ | $36.742.718 |
5 | ერიკ საიდელი | აშშ | $35.726.969 |
6 | დევიდ პიტერსი | აშშ | $33.146.070 |
7 | ფედორ ჰოლცი | გერმანია | $32.556.379 |
8 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | $31.720.378 |
9 | ჯეისონ კუნი | აშშ | $30.344.229 |
10 | დენიელ კოლმანი | აშშ | $28.925.059 |