ჟერარ პიკე EPT Barcelona €25.000 ჰაი როლერის მე-2 ადგილზე გავიდა
ხუან პარდომ, რომელიც ონლაინ პოკერის სამყაროში Malakastyle-ის სახელითაა ცნობილი, პოკერის ესპანურ ფესტივალზე დიდი ხმაური გამოიწვია: სულ რაღაც ერთი დღის შუალედით, მან €25.000 და €50.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირები მოიგო. პირველ შემთხვევაში მისი ანაზღაურება €491.600, ხოლო მეორეში - €1.013.860 ევროს შეადგენდა.
€25.000 ევროიან ჰაი როლერზე ორი დიდი სახელი გამოჩნდა: ჟერარ პიკე და არტურო ვიდალი. კლუბ "ბარსელონას" ვარსკვლავებმა პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები მნიშვნელოვნად დაჩრდილეს და ტურნირის ჰედლაინერები გახდნენ. პიკემ მე-2 ადგილზე გასვლა მოახერხა. ბარსელონას გულშემატკივრების კუმირმა ფინალური ჰედს-აპი სწორედ ხუან პარდოსთან დათმო და მე-2 ადგილისთვის €352.950 ევრო მიიღო. არტურო ვიდალი კი მე-5 ადგილზე გავიდა, €134.460 ევროიანი ანაზღაურებით.
"მაგიდაზე პიკესთან და ვიდალთან ერთად თავს პატარა ბავშვად ვგრძნობდი" - თქვა პარდომ. გადამწყვეტი დარიგების დროს, პარდომ თავისი კუმირი კოინ ფლიპში დაამარცხა.
€50.000-იან ჰაი როლერზე კი პოკერის მძიმე არტილერია გამოჩნდა: ჩარლი კარელი, ალექს ფოქსენი, სტივ ო'დუაიერი, ლუკ გრინვუდი, ტიმოთი ადამსი, ალი იმსიროვიჩი და სხვები. აშკარაა, რომ ხუან პარდოს იღბალმაც შეუწყო ხელი: 2 ჰაი როლერ ტურნირის მოგება ზედიზედ და, თანაც, ურთულეს ლაინ-აფზე. უკანასკნელ ტურნირზე ესპანელმა სეთ დევისი დაამარცხა და კარიერაში საუკეთესო ანაზღაურება მიიღო.