"პოკერი აღარ უნდა იყოს პროფესიონალებზე ორიენტირებული" - დენიელ ნეგრანუ
რამდენიმე დღის წინ, ჯეიმი სტეპლსმა საკუთარ პოდკასტში დენიელ ნეგრანუ მიიწვია. მოთამაშეებმა პოკერის არსებულ მდგომარეობასა და თამაშის მომავალზე ისაუბრეს და, რაც მთავარია, განიხილეს, ცოცხლობს თუ არა კვლავ 'პოკერის ოცნება', რომელმაც 2000-იანებში უამრავი ადამიანი მიიზიდა.
საუბარი პოკერის ეკოსისტემას შეეხო. "როცა ეკოსისტემაზე ვლაპარაკობთ, 3 მთავარი კომპონენტი უნდა განვიხილოთ, - თქვა დენიელ ნეგრანუმ, - ესენია: პროფესიონალი მოთამაშეები, 'სახლი', რომელიც მომხმარებლებს თამაშს და პირობებს სთავაზობს და დეპოზიტორები, ანუ წამგებიანი მოთამაშეები. ამ სამიდან, პროფესიონალებს ყველაზე ნაკლები დატვირთვა აქვთ. 'სახლი', რომელიც თამაშის პირობებს ადგენს, მე-2 ადგილზე დგას, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა სწორედ დეპოზიტორებს უნდა დაეთმოთ, ანუ ადამიანებს, ვინც ხშირად აგებენ და თამაშში ფული შემოაქვთ. უკვე ათწლეულებია, რაც პროფესიონალები წმინდანების როლში არიან. ყველა მათ აზრს ითვალისწინებს და ყველა მათ უსმენს."
დენიელ ნეგრანუ ხაზს უსვამს ე.წ. 'ბაუნთი' ტურნირების და სხვა წამახალისებელი მოდიფიკაციების აუცილებლობასაც: "ადრე თუ დამწყები მოთამაშე $200 დოლარის დეპოზიტს გააკეთებდა, ადრე თუ გვიან, ამ თანხას აუცილებლად წააგებდა, მაგრამ მას რამდენიმე მომგებიანი სესია მაინც ექნებოდა. ახლა კი, $200 დოლარის წაგებას 1 საათიც არ დასჭირდება. 'ბაუნთი' ტურნირები, ან ტურნირების სტრუქტურის ცვლილება ასეთ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: მოთამაშეს უნდა შეუქმნა განწყობა, რომ მას მოგება შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოიგო - მთავარია, რომ მან მოგება შეძლოს ან მოგებასთან ახლოს იყოს."
სტეპლსიც და ნეგრანუც თანხმდებიან იმ აზრზე, რომ დამწყები ან მოყვარული მოთამაშეები პოკერის სამყაროს ძირითადი შემადგენლები არიან, მაგრამ რამდენადაც სატელევიზიო ეთერებში ან საგაზეთო ჰედლაინებში პროფესიონალები ხვდებიან, ყურადღების ცენტრშიც სწორედ ისინი ექცევიან. ეს ყველაფერი კი უნდა შეიცვალოს, რადგან თამაშის შენარჩუნება დეპოზიტორების გარეშე შეუძლებელი გახდება.