კორონავირუსის გამო WPT Barcelona და Irish Open გადაიდო
როგორც კი სამხრეთ კორეაში COVID-19-მა დაიწყო გავრცელება, Triton High Roller-ის სატურნირო სერია გაურკვეველი ვადით გადაიდო. ახლა უკვე იგივე ბედს დასავლური ტურნირებიც იზიარებენ. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებსაც შეეხო, პოკერის ტურნირების ორგანიზატორებმა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღეს: WPT Barcelona-ის, Irish Open-ისა და Winamax Grand Final-ის ფესტივალები, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორებმა გააუქმეს.
რამდენადაც ვირუსის ეპიდემიური საფრთხე ესპანეთსაც შეეხო, World Poker Tour-ის ორგანიზატორებმა WPT Barcelona-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. "ჩვენი პრიორიტეტი მოთამაშეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვაა, - წერია ოფიციალურ განცხადებაში, - ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი ტურნირები დროებით გავაუქმოთ." ღონისძიება, რომელიც 27 მარტიდან 5 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, შეჩერებულია.
6-დან 13 აპრილამდე კი Irish Open იყო დაანონსებული. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში კორონავირუსის მხოლოდ 34 შემთხვევაა დაფიქსირებული, იმის გათვალისწინებით, რომ დუბლინში მთელი ევროპიდან ელოდებოდნენ სტუმრებს, Irish Poker-ის ორგანიზატორებმა ფესტივალი გაუქმებულად გამოაცხადეს. "ამ მომენტისთვის, ჩვენ ტურნირის შესაძლო თარიღებზე ვმუშაობთ, - ნათქვამია Irish Poker-ის მენეჯმენტის განცხადებაში, - ყველა მოთამაშეს, ვინც სატელიტი ან სხვა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ადგილი შეუნარჩუნდება." როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სატურნირო სერია 2020-ის მიწურულს, ან 2021-ის დასაწყისში გაიმართება.