კორონავირუსის გამო ესპანეთში პოკერის რეკლამირება შეიზღუდა
რამდენიმე კვირის წინ, ესპანეთის პარლამენტში კანონპროექტი მომზადდა, სახელწოდებით "აზარტული თამაშების რელამირების დეფაქტო აკრძალვა". რამდენიმე მოსმენის შემდეგ, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, რომელსაც სამეფო განკარგულება მიეცა და 2 დღის წინ ძალაში შევიდა.
როგორც ესპანეთის მომხმარებელთა საქმის მინისტრმა, ალბერტო გარსონმა ახსნა, აზარტული თამაშების სფეროში, ეს კანონი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მკაცრია და ის რეკლამებს 80%-ით შეამცირებს. 'მომხმარებლების დაცვის' მიზნით, სავარაუდოდ, კანონი იმ დრომდე იმუშავებს, სანამ მოსახლეობა კარანტინის რეჟიმიდან არ გამოვა. ძირითადად, კანონპროექტი ესპანეთში ყველაზე პოპულარულ ბრენდს, PokerStars-ს შეეხო. ახალი დადგენილებით, 'პოკერსტარსს' წამახალისებელი გათამაშებების რეკლამირება, ბანერების განთავსება და კომპანიის სახელის შემცველი არტიკლების გამოქვეყნება აეკრძალა.
რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას: აზარტული თამაშების ოპერატორებს უფლება ექნებათ, საკუთარი რეკლამა სატელევიზიო სივრცეში დილის 1-დან დილის 5 საათამდე განათავსონ. დღის განმავლობაში კი, მსგავსი შინაარსის რეკლამები სრულად იკრძალება. ჯერჯერობით, სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ან მოთამაშეებს კანონპროექტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უცნობია, რა ფორმით უნდა დაიცვას აკრძალვამ იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა.