რა ბედი ელის 2020 WSOP-ის კორონავირუსის პირობებში?
COVID-19-ის პანდემიის გამო, არაერთი დიდი ღონისძიება გაურკვეველი ვადით შეწყდა: უიმბლდონის საჩოგბურთი ტურნირიდან დაწყებული, ოლიმპიური თამაშებით გაგრძელებული და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატით დასრულებული, ყველა დიდი შეჯიბრი გადადებულია.
იმ პერიოდში, როცა დაგეგმილი პოკერის ტურნირების უმეტესობა გაუქმებულია, ჯერჯერობით, უცნობი რჩება 2020 წლის WSOP-ის საზაფხულო სერიების ბედი. ამ მომენტისთვის, WSOP-ის გახსნის ცერემონია 26 მაისისთვისაა ჩანიშნული, ხოლო თავად სატურნირო სერია 15 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, WSOP Main Event-ის 2018 წლის ჩემპიონმა, ჯონ სინმა 'ტვიტერზე' დისკუსია წამოიწყო.
"რატომ ცდილობენ ადამიანები იმ მოვლენების დაჩქარებას, რომელიც 2-3 თვეშია დაგეგმილი? - წერს სინი, - რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თუ ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია იგივე დარჩა, ტურნირის გაუქმების საშუალება მაინც იარსებებს."
როგორც WSOP-ის ერთ-ერთი თავკაცი, სეთ პალანსკი ამბობს, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მდგომარეობას და, ჯერჯერობით, საზაფხულო სერიების გაუქმებას არ გეგმავენ: "სიტუაცია ყოველდღიურად და საათობრივად იცვლება. უნდა დაველოდოთ შესაბამის მომენტს, როცა დანამდვილებით გვეცოდინება, რომ ტურნირის ჩატარება საფრთხის შემცველი იქნება."
გასულ წელს, ლას ვეგასში ჩატარებულ WSOP-ის მეინ ივენთს 8.569 მონაწილე დაესწრო, 87 ქვეყნიდან. მთლიანობაში, სატურნირო სერიაში 100.000 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, რომ არ ჩავთვალოთ დილერები, კაზინოს მომსახურე პერსონალი და ორგანიზატორები.
დენიელ ნეგრანუს აზრით, ნაკლებადსავარაუდოა, რომ წელს არამხოლოდ WSOP, არამედ NBA-ისა და NHL-ის ღონისძიებები გაიმართოს.