Galfond Challenge: ჩენს კორნუთი და ფილ გალფონდი თამაშს 16 სექტემბერს დაიწყებენ
ცოტა ხნის წინ, ჩენს კორნუთმა CardPlayer-თან ისაუბრა. 34 წლის მოთამაშემ გაამხილა, რომ მასსა და ფილ გალფონდს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. წყვილი ჰედს-აპის თამაშს 16 სექტემბერს დაიწყებს და თუ რომელიმე დააგვიანებს, ან მზად არ აღმოჩნდება, ან სტარტის გადადებას მოითხოვს, $1 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრება.
პოტ ლიმიტ ომაჰას $100/$200 ლიმიტზე, წყვილი 35.000 დარიგებას ითამაშებს. საიდ ბეთის სახით, ჩენს კორნუთს $250.000 დოლარი აქვს დადებული. თუ ის ჰედს-აპის მოგებას შეძლებს, გალფონდი მას ოთხმაგს, ანუ $1.000.000 დოლარს გადაუხდის. ჩენს კორნუთს კარგად აქვს გააზრებული, რომ ამ დრომდე, გალფონდს არცერთი ჰედს-აპი არ წაუგია: "ვხვდები, რომ რთული მატჩი მელოდება, მაგრამ მე გარკვეული უპირატესობა მაქვს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მის თამაშზე დაკვირვების საშუალება მქონდა."
გალფონდმა უკვე დაამარცხა VeniVidi1993 და ActionFreak. მინი ჩელენჯში, მან დენიელ ქეითსსაც მოუგო. ბილ პერკინსთან გამართული მატჩი დროზე ადრე დასრულდა, ისევ გალფონდის გამარჯვებით. საერთო ჯამში, Galfond Challenge-მა მოთამაშეს $500.000 დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. არავის ჯეროდა, რომ მისი თამაში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა. აშკარაა, რომ ჩენს კორნუთს მძიმე ბრძოლა ელის.