დაგ პოლკისა და დენიელ ნეგრანუს დაპირისპირება
უკვე წლებია, რაც დენიელ ნეგრანუ და დაგ პოლკი ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად ითვლებიან. ამ შემთხვევაში, საუბარი არ გვაქვს მატუსოუსა და ჰელმუტის, ან ესფანდიარისა და ლააკის მსგავს 'მტრობაზე', რომლის უკანაც დიდი ხნის მეგობრობა დგას. ჩვენ ნამდვილ მტრობაზე ვლაპარაკობთ, უხეში სიტყვიერი დაპირისპირებით და 'ინტერნეტ დრამით'.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დენილე ნეგრანუ ჯერ კიდევ PokerStars-ის მიერ სპონსორდებოდა. იმ პერიოდში, მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა მოთამაშეებს საკომისიო გადასახადი გაუზარდა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამარათლება ნეგრანუმ სცადა, რომელიც ხსნიდა, რომ მეტი რეიკი მოთამაშეებისთვის იყო უკეთესი. კანადელის ამ განცხადებას დაგ პოლკი გამოეხმაურა, რომელმაც მის პოზიციას სამარცხვინო უწოდა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ყველაფერი.
დაგ პოლკი PokerStars-ისა და აწ უკვე GGPoker-ის სახეს ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებაში ადანაშაულებდა. ბრალდებამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა, როცა 2020 წლის ონლაინ WSOP-ის მსვლელობისას, თამაშის 'გაჭედვის' გამო, დენიელ ნეგრანუმ საიტის ადმინისტრაციას აგინა. რამდენიმე დღეში კი, როცა იგივე მის ახალ დამქირავებელს - GGPoker-ს მოუვიდა, მან მოთამაშეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ საიტის შეფერხებებს გაგებით მოკიდებოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი, დენიელ ნეგრანუ ერთ-ერთ მაყურებელს დაემუქრა, რის გამოც მისი 'ტვიჩის' არხი საიტის ადმინისტრაციამ დაბლოკა.
დაგ პოლკმა მისი მოწინააღმდეგის გამოხტომებითა და ძველი ჩანაწერებით ახალი ვიდეო-კომპილაცია ააწყო, რომელიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, კანადელი მოთამაშის იმიჯს კარგ საქმეს არ უკეთებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს სახეშეღებილი ნეგრანუ, რომელიც იამაიკელ რასტამანს განასახიერებს. ამერიკულ კულტურაში, თეთრკანიანის მიერ სახის შეღებვა და შავკანიანის განსახიერება უდიდეს სირცხვილად, აფროამერიკელების შეურაცხყოფად და რასიზმად ითვლება.
ცოტა ხნის წინ, დაგ პოლკმა დენიელ ნეგრანუს მათ შორის არსებული დავის ცივილიზებული გზით, მათი პროფესიის შესაბამისად გადაჭრა შესთავაზა, რაც ჰედს-აპ მატჩს ითვალისწინებდა. მართალია, ნეგრანუ პოლკის შემოთავაზებას დათანხმდა, მან მაინც დაიტოვა უკანდასახევი გზა: "აშკარაა, რომ მე ამ შეხვედრაში ანდერდოგი ვარ. პოლკმა აირჩია მისთვის ყველაზე ხელსაყრელი თამაში - ულიმიტო ჰოლდემი, მისთვის ხელსაყრელი სათამაშო ადგილი - ინტერნეტი, მისთვის ხელსაყრელი მაგიდების რაოდენობა - 4. ცხადია, ის ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშეა და მე მოგების ნაკლები შანსი მაქვს, მაგრამ ეს რისკი უნდა ავიღო, რადგან ვიცი, რომ სინამდვილეში მას ჩემთან თამაშის ეშინია."
მატჩი, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერშია ჩანიშნული. როგორც დენიელ ნეგრანუ ამბობს, WSOP-ის გრაინდინგის შემდეგ, მას ცოტა დასვენება დასჭირდება და შემოდგომა სათამაშოდ საუკეთესო დრო იქნება.