ანტონიო ესფანდიარის $1.000.000 და ოქროს სამაჯური მოპარეს
60-იან წლებში, პოკერი და კრიმინალი ხშირად იკვეთებოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში, თამაში არალეგალური იყო და მოთამაშეები იძულებულები იყვნენ პრივატული სესიები გაემართათ. მართალია, კანონდარღვევა მსუბუქი იყო, მაგრამ ასეთი აქტივობა კრიმინალს მაინც იზიდავდა. მაგალითისთვის გამოდგება დოილ ბრანსონისა და ლეგენდარული სტუ ანგარის ისტორიები, რომლებიც არაერთხელ დააყაჩაღეს ან სხვადასხვა გზით გახდნენ ორგანიზებული კრიმინალური ბანდების შეტევის ობიექტები.
როგორც ჩანს, ანდერგრაუნდიდან ამოსვლის შემდეგაც კი, პოკერს კვლავ შეიძლება კრიმინალი სდევდეს თან. ივლისში, ვეტერანი მოთამაშის, ანტონიო ესფანდიარის სახლიდან $1.000.000 დოლარის ღირებულების ნივთები გაქრა. ეჭვმიტანილი 46 წლის სვეტლანა სილვაა - დილერი, რომელიც წარსულში $100.000 დოლარის მოპარვისთვისაა ბრალდებული.
სვეტლანა სილვა ანტონიო ესფანდიარის მამასთან დაკავშირებული ფიგურაა, რომელიც ესფანდიარის პრივატულ ქეშ-გეიმებში დილერის ფუნქციას ასრულებდა. როგორც მოთამაშე ამბობს, მას წვდომა ჰქონდა სახლის დამცავ კოდებთან, რითიც მან, სავარაუდოდ, ისარგებლა კიდეც და მისი სახლიდან $1.000.000 დოლარის ძვირფასეულობა წაიღო.
ესფანდიარის განცხადებით, მისი სახლიდან $50.000 დოლარამდე ნაღდი ფული, $500.000 დოლარამდე კაზინოს ჩიპები და რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია - 2012 წლის WSOP One Drop-ზე მოგებული ოქროს სამაჯური გაქრა. გარდა ამისა, დაკარგულია ანტონიოს მამის ნივთებიც.
"ემოცია, რომელიც მე დამეუფლა გაბრაზებასა და ტკივილს შორის იყო, - ყვება ესფანდიარი, - იმის გააზრება, რომ One Drop-ის სამაჯური ჩემთან აღარ იყო, გულს მიჭამდა."
სვეტლანა სილვა, ძვირფასეულობის აღების შემდეგ, ერთბაშად არ გამქრალა. მან კაზინო ბელაჯიოში ძვირადღირებულ ტურნირებზე თამაში დაიწყო. ყოველი წაგების შემდეგ, ის $100.000 დოლარს იმატებდა - ხან ბელაჯიოს, ხან კი კაზინო არიას ჩიპებით. სწორედ ამან გაუჩინა პოლიციას ეჭვი. მისი დაკავების შემდეგ, სვეტლანა სილვას ჩანთაში ამ ორი კაზინოს ჩიპები აღმოჩნდა, თუმცა, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოიპარა სხვა ადამიანმა ესფანდიარის კუთვნილი ფული და ნივთები. რატომ არ შეატყობინა პოლიციას ამ ფაქტის შესახებ - ცნობილი არ არის.