ბრედ ბუთი ცოცხალი და ჯანმრთელია
ცოტა ხნის წინ, სათამაშო ინდუსტრიასთან დაკავშირებული მედია საშუალებები ვეტერანი ჰაი სტეიკს მოთამაშის, ბრედ ბუთის გაუჩინარების შესახებ იტყობინებოდნენ. ოჯახის განმარტებით, ივლისიდან მოყოლებული, მისი ტელეფონი გათიშული იყო და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ ფლობდა მცირედ ინფორმაციასაც კი. 13 ივლისს, ბრედ ბუთმა თავის მეგობარს უთხრა, რომ რამდენიმე დღით კემპინგზე მიდიოდა, რის შემდეგაც ის გაქრა.
რამდენიმე დღის წინ კი, ბუთის ოჯახმა განცხადება გაავრცელა: "ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ბრედის ადგილსამყოფელის დადგენას, ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. 16 სექტემბერს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრედი ცოცხალია. მან გადაწყვიტა, რომ გარკვეული დრო საკუთარი თავისთვის დაეთმო და საზოგადოებას ჩამოშორებოდა."
მიუხედავად განცხადებისა, ოჯახი არ აკონკრეტებს, თუ სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში ბრედ ბუთი. მათი განცხადებით, ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ თავიანთი ოჯახის წევრის კონკრეტული მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ.
ბრედ ბუთმა სახელი ონლაინ და ოფლაინ ქეშ-გეიმებით გაითქვა. 14 წლის განმავლობაში, ის ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩართული დიდ თამაშებში. მაგიდასთან ის ისეთ მოთამაშეებთან ჯდებოდა, როგორებიც ფილ აივი, დოილ ბრანსონი, ელი ელეზრა, დენიელ ნეგრანუ და პატრიკ ანტონიუსი იყვნენ.