ფილ ჰელმუტმა HighStakes Duel-ში დენიელ ნეგრანუ დაამარცხა
ფილ ჰელმუტი თავისმა 'თეთრმა მაგიამ' კიდევ ერთხელ იხსნა და 19-1 დეფიციტის პირობებშიც კი ისტორიული გამარჯვება მოუტანა. საქმე იმაშია, რომ თვეების განმავლობაში, დენიელ ნეგრანუ და ფილ ჰელმუტი ერთმანეთს 'განადგურებით' ემუქრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულებია, რაც ჰელმუტი და ნეგრანუ მეგობრობენ, მათ შორის მძიმე და, ხშირ შემთხვევაში, აგრესიული კონკურენცია არსებობს. ანტონიო ესფანდიარის დამარცხების შემდეგ, რამაც ჰელმუტს $350.000 დოლარი მოუტანა, ნეგრანუ მისი ძველი 'მტრის' დისკრედიტაციას არაერთგზის შეეცადა. "ის თვლის, რომ $25.000 დოლარიანი ბაი-ინის პირობებში, ანუ უმაღლესი ლიმიტის ტურნირებზე ის საუკეთესო მოთამაშეებს ადვილად ამარცხებს, - წერდა ნეგრანუ ტვიტერზე, - სინამდვილეში კი, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. ფილ ჰელმუტი საუკეთესო იყო თავის ეპოქაში, დაბალ და საშუალო ლიმიტებზე. ის ეპოქა კი დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. უმაღლეს ლიგაში მას მოგება არ შეუძლია."
ასეთი კრიტიკა ნეგრანუს მძიმედ შემოუბრუნდა. მოთამაშეები ერთმანეთს PokerGo-ის სატელევიზიო ჰედს-აპ ტურნირზე დაუპირისპირდნენ, სადაც პირველადი შესატანი $50.000 დოლარია. ნეგრანუმ ჰელმუტი მართლაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ Poker Brat-მა საუკუნის ქამ-ბექი აჩვენა და ჩიპების 19-1 შეფარდების პირობებში მოგების გაფორმება შეძლო. ჰედს-აპის მეორე დარიგებაზევე, ჰელმუტი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: ნეგრანუს 4-ბეთის შემდეგ, მან KQ-ის გადაყრა შეძლო და მართალიც აღმოჩნდა - სინამდვილეში ნეგრანუ მას AA-ით უტევდა. ერთ-ერთ მომენტში, ის 5.0000 ჩიპს ფლობდა, ნეგრანუს 95.000-ის წინააღმდეგ. და მაინც, მან დეფიციტის დაძლევა და თამაშის მოგება შეძლო.
რა თქმა უნდა, თამაშს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია: როცა მისი JJ ნეგრანუს K-მა დაამარცხა, ჰელმუტი ფეხზე წამოხტა, სტუდიაში ნერვიული სიარული დაიწყო და მოწინააღმდეგე იდიოტად მოიხსენია. 'იდიოტი' ჰელმუტისგან ჩვეული ლანძღვაა, რომელიც მის ოპონენტებს არათუ წყინთ, პირიქით - ახალისებთ კიდეც.
დამარცხების შემდეგ, დენიელ ნეგრანუმ მის მეგობარსა და მტერს ხელი ჩამოართვა და განმეორებით მატჩს დაპირდა: "რემატჩი იქნება. ამის გარანტიას გაძლევ!" განმეორებითი ჰედს-აპის შემთხვევაში, ნეგრანუს ფსონის გაორმაგება და $100.000 დოლარის გადახდა მოუწევს.