ლას ვეგასის კაზინოები პირველი ივნისიდან გაიხსნებიან
რამდენიმე დღის წინ, ლას ვეგასის შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. როგორც ირკვევა, შტატის კაზინოები, შესაძლოა, 1-ლი ივნისიდან სრულ მომსახურებაზე გადავიდნენ. რაც მთავარია, აშშ-ის პანდემიის მართვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია იმ მაჩვენებლით გააგრძელებს გაუმჯობესებას, რაც ამ მომენტში ფიქსირდება, პირველი მაისიდან სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პირველი ივნისიდან მთელი შტატის გახსნა იგეგმება და კაზინოები 100%-იანი დატვირთვით იმუშავებენ" - განაცხადა სტივ სისოლაკმა. აღსანიშნავია, რომ კაზინოების ფუნქციონირებისთვის მხოლოდ შტატის გუბერნატორის ბრძანება არ კმარა. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ გაუხმაურებია ნევადის შტატის გემბლინგის კონტროლის ცენტრს, რომლის თანხმობაც აუცილებელია კაზინოების ამოქმედებისთვის.
კულუარებში ასევე ლაპარაკობენ, რომ Wynn Resort-ის კაზინო თანამშრომლებს ვაქცინის გაკეთებას ან ყოველკვირეულ ტესტირებას აიძულებს. ამის შესახებ ცნობები ადგილობრივ რადიოში გაკეთდა. ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა კაზინოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ მედოქსმა: "ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევქმნათ - როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვისაც. ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ თანამშრომლებისგან მოვიხოთხოვთ, რომ ან აიცრან, ან ყოველკვირეული PCR ტესტი გაიკეთონ, რათა Wynn-ში გაცილებით უსაფრთხო გარემო შეიქმნას." რამდენად ჯდება Wynn Resort-ის დირექციის მიერ დაწესებული მოთხოვნა ეთიკურ ან სამართლებრივ ჩარჩოებში, მსჯელობის საგანია.