ტვინის სიმსივნის მქონე მამაკაცს პოკერის მოთამაშეებმა WSOP-ის საგზური აჩუქეს
წლის დასაწყისში მაიკლ გრეიდონს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, რომელიც ქირურგიულ ჩარევას არ ექვემდებარებოდა. ალაბამას შტატის მკვიდრი, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის, პოკერის მოყვარული მოთამაშეა. თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ, გრეიდონმა საკუთარი აუხდენელი ოცნება - WSOP-ის მეინ ივენთზე ეთამაშა - ტვიტერზე გამოაქვეყნა. ის თავისი ბაი-ინის 70%-ს ყიდდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირიდან მიღებული შემოსავლის 70% სპონსორებს მოგების სახით დაუბრუნდებოდათ.
გრეიდონის გასაკვირად, ტვიტის გამოქვეყნების დღესვე, პოკერის მოთამაშეებმა WSOP-ის მეინ ივენთის $10.000 დოლარიანი ბაი-ინი სრულად შეაგროვეს. "პოკერის საზოგადოება არასდროს წყვეტს ჩემ გაოცებას თავისი სულგრძელობით, - წერს ტვიტერზე გრეიდონი, - თქვენ მე უბედნიერეს ადამიანად მაქციეთ."
მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მოთამაშე მხოლოდ მეინ ივენთის თანხის შეგროვებას გეგმავდა, გრეიდონის გულშემატკივრებმა მას სრულად დაუფინანსეს მგზავრობისა და ვეგასში ცხოვრების ხარჯები. განსაკუთრებული საჩუქარი გრეიდონმა ემჯეი გონსალესისგან მიიღო. ცოტა ხნის წინ, ის დენიელ ნეგრანუს მწვრთნელი იყო, დაგ პოლკის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს. ამჯერად, ემჯეი გონსალესი სწორედ მაიკლ გრეიდონის მწვრთნელად მოგვევლინა.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში, პოკერის საზოგადოება სხვადასხვა ადამიანს, ვინც მძიმე დაავადებას ებრძოდა, გამუდმებით უწვდიდა დახმარების ხელს. 2019 წელს, მსგავსი მეთოდებით, WSOP-ის მეინ ივენთის თამაში სარკომასთან მებრძოლმა კევინ როსტერმა მოახერხა. "მე ტურნირის მოგება ვერ შევძელი, - თქვა 2019 წელს როსტერმა, - სამაგიეროდ, მე მოვახერხე მილიონობით ადამიანისთვის ხმის მიწვდენა და მათი თანადგომის დანახვა, რაც გაცილებით დიდი ჯილდო იყო, ვიდრე პოკერის ტურნირზე მიღებული ფულადი ანაზღაურება."