WSOP-ის მეინ ივენთზე ფილ ჰელმუტი გენდალფის ფორმაში გადაცმული გამოჩნდა
გარდა ხმაურიანი სიტყვებისა, ფილ ჰელმუტი იმითაცაა ცნობილი, რომ WSOP-ის მეინ ივენთებზე ის სხვადასხვა როლში წარსდგება. გასულ წლებში ის ხან ფორმულა1-ის პილოტი იყო, ხან რომაელი კეისარი, ხანაც ამერიკელი გენერალი. ამჯერად, ჰელმუტი WSOP-ის მეინ ივენთზე "ბეჭდების მბრძანებლის" ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, გენდალფის ფორმაში გამოჩნდა.
როგორც მედიაში შეაფასეს, ჰელმუტის სამსახიობო მონაცემები იან მაკკელანისას ნამდვილად ვერ შეედრება. ამიტომაც ის რეალური გენდალფისგან მნიშვნელოვნად იყო დაშორებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰელმუტის პერფომანსმა ტურნირის დაძაბულობა გაფანტა და მოთამაშეები გაამხიარულა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ აურზაურში ფილ ჰელმუტი მარტო არ ყოფილა. მას გვერდს უმშვენებდა დენ Jungleman ქეითსი - ასევე "ბეჭდების მბრძანებლის" სტილში გადაცმული. კაზინოს შესასვლელში, ჰელმუტმა და ქეითსმა მცირე ორთაბრძოლაც წარმოადგინეს. გენდალფის ჩაცმულობა და თეთრი წვერი ახლოსაა ფილ ჰელმუტის იდეასთან, რომელსაც ის "თეთრ მაგიას" უწოდებს. როგორც წესი, პოკერის სამყარო მას ნერვიულ მოთამაშედ იცნობს, რომელიც წყობილებიდან ადვილად გამოდის. ამის გამო, რამდენიმე წლის წინ, ჰელმუტმა თამაშისადმი სპეციალური მიდგომა შეიმუშავა, რომელსაც ის "თეთრ მაგიას" უწოდებს და რომელიც, ძირითადად, სიმშვიდეს და პოზიტიურ განწყობას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ გენდალფის გმირი სწორედ ამ მიზეზით შეირჩა.