2021 WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული კორაი ალდემირი გახდა
WSOP-ის 2021 წლის მეინ ივენთი კორაი ალდემირის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 6.550 მოთამაშიანი ლაინ-აფის დამარცხება და $8.000.000 დოლარის მოგება შეძლო. მეინ ივენთის მთავარი ჯილდო მან ყოფილი ჩემპიონისგან - დამიან სალასისგან მიიღო.
ფინალური მაგიდის 223-ე დარიგებაზე, გერმანელმა მოთამაშემ თავისი ოპონენტის - ჯორჯ ჰოლმსის სტეკის უკანასკნელი ჩიპი მიისაკუთრა და 2022 წლამდე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის სტატუსი გაინაღდა. სათამაშო კარიერაში დაგროვებული $20.000.000 დოლარით, კორაი ალდემირი გერმანიის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიაში მე-4 ადგილს იკავებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, ის იმ მოთამაშეების ელიტარულ სიას შეუერთდა, რომელთა შორის ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი, ჯონი ჩენი და სტუ ანგარი არიან.
"ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც ჩემს ოჯახს და მეგობრებსაც კი გაუგიათ, - თქვა ალდემირმა ინტერვიუში, - მისი მოგება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის."
ფინალურ მაგიდაზე მოხვედრილ მოთამაშეებს $1 მილიონი დოლარის მოგება გარანტირებული ჰქონდათ. ალდემირის ფინალურ მეტოქეს, ბრიტანელ ჯორჯ ჰოლმსს $4.300.000 დოლარი ხვდა წილად. ალდემირი ერთადერთი ცნობილი სახელი იყო, ვინც ტურნირის გადამწყვეტ ფაზას მიაღწია და გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ. "10 დღიანი თამაში საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, - ყვება ალდემირი, - განსაკუთრებით რთული და სტრესით სავსე იყო უკანასკნელი 5 დღე. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 5 საათი მეძინა. გარდა ამისა, იმის გააზრება, რომ მარტო არ ხარ და შენს თამაშს ათიათასობით ადამიანი უყურებს, კიდევ უფრო სტრესული იყო."