ტომ დუანი, დენიელ ნეგრანუ, ფილ აივი - High Stakes Poker-ის ლაინ-აფი ცნობილია
High Stakes Poker-ის პირველი სეზონი 17 წლის წინ გავიდა და პოკერის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გულშემატკივრებს არამხოლოდ იმ მოთამაშეების ნახვა შეეძლოთ, რომლებიც ტურნირების სატელევიზიო მაგიდებზე ხვდებოდნენ, არამედ მათი, ვინც პოკერის კულისებსმიღმა მოღვაწეობდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სატელევიზიო შოუ ეკრანებს დაუბრუნდა. რაც ყველაზე მთავარია, გადაცემაში დაბრუნდნენ ლეგენდარული კომენტატორები - გეიბ კაპლანი და ეიჯეი ბენზა. ტრადიციულად, ბენზა მოყვარული, თამაშში გაუთვიცნობიერებელი გულშემატკივრის როლს თამაშობს, რომელიც ხშირად იბნევა. გეიბ კაპლანი კი, ხისტი იუმორითა და ირონიულობით, პოკერის სრულფასოვან ცოდნას ავლენს და მაყურებელს განსაკუთრებულ ხასიათს უქმნის. ძველი კეთილი დღეების დაბრუნებას და განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას მაგიდაზე ფულის მსხვილი შეკვრებიც უწყობენ ხელს, რომელიც წინა სეზონებში სრულად იყო ჩანაცვლებული სათამაშო ჩიპებით.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის ლაინ-აფს: სოციალურ მედიებში, ჯენიფერ ტილისა და ტომ დუანის ფოტოები გამოჩდნა, რომლებსაც გვერდს დოილ ბრანსონი და ფილ აივი უმშვენებენ. თავის ტვიტში, გადაცემაში მონაწილეობა დენიელ ნეგრანუმაც დაადასტურა და დააყოლა, რომ ის ყოველგვარი სპონსორის გარეშე თამაშობს და რომ მაგიდაზე მიტანილი ფული სრულად მას ეკუთვნის. გადაცემის პირველ სეზონში, სწორედ დენიელ ნეგრანუ იყო პირველი მოთამაშე, ვინც სათამაშო მაგიდაზე $1.000.000 დოლარი მიიტანა. უკანასკნელი, მე-7 სეზონი PokerStars-ის მიერ იყო ორგანიზებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა პოკერ-რუმების სახეები, როგორებიც ელი ელეზრა და პატრიკ ანტონიუსი იყვნენ, გადაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
გადაცემა შარშან ჩაიწერა და, ძველი სახეების გარდა, მასში მონაწილეობა ახალი თაობის გრაინდერებმაც მიიღეს. მათ შორის იყვნენ ბრინ კენი, ჯეისონ კუნი, ნიკ პეტრანგელო, დაგ პოლკი და ა.შ.