ჰელმუტი და დუანი $400.000 დოლარიან ჰედს-აპს ითამაშებენ
26 იანვარს ფილ ჰელმუტს შურისძიების საშუალება მიეცემა: უკანასკნელი მარცხის შემდეგ, $400.000 დოლარიან ჰედს-აპ მაგიდაზე, ის ტომ დუანს დაუპირისპირდება. მატჩის მასპინძელი PokerGo-ის სტუდია იქნება, რომელიც კაზინო Aria-შია განთავსებული.
High Stakes Duel-ის ფორმატი ბოლო 2 წელია მიმდინარეობს. მასში ერთმანეთთან ისტორიულად დაპირისპირებული მოთამაშეები ღებულობენ მონაწილეობას. ფორმატის აბსოლუტური რეკორდსმენი ფილ ჰელმუტი იყო, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და ყველა თამაში მოიგო. მისი პირველი დაპირისპირება ანტონიო ესფანდიარისთან შედგა. ჰელმუტმა სამივე მატჩი მოიგო. მისი გამარჯვებით დასრულდა ასევე დენიელ ნეგრანუსთან გამართული 3 შეხვედრა. ჰელმუტის ანგარიშზე კიდევ $375.000 დოლარი ჩაირიცხა. ამის შემდეგ ის Fox Sports-ის წამყვანს, ნიკ რაითს დაუპირისპირდა. $100.000 დოლარის დაკარგვის შემდეგ, რაითმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.
როცა ფილ ჰელმუტის აღმასვლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, არენაზე მისი ძველი ოპონენტი, ტომ დუანი გამოჩნდა. დუანსა და ჰელმუტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 2008 წელს, NBC Heads-up Poker Championship-ზე დაიწყო, როცა დუანის 1010-მა ჰელმუტის AA დაამარცხა. მათ უკანასკნელ შერკინებაზე, ისტორია განმეორდა და ამჯერად ჰელმუტის AA დუანის 93-თან დამარცხდა. მაშინ, კარს მომდგარი WSOP-ის გამო, ფილ ჰელმუტმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამჯერად, როცა პოკერის სამყარო ლაივ ტურნირების სეზონისგან ისვენებს, WSOP-ის რეკორდსმენმა ძველი 'მტრობა' გაიხსენა და ტომ დუანთან დაგეგმილი თამაში დააანონსა.