$400.000-იან ჰედს-აპზე ფილ ჰელმუტმა ტომ დუანი დაამარცხა
როგორც იქნა, ფილ ჰელმუტმა ტომ დუანზე "შურისძიება" შეძლო. 15 წლის წინანდელი წყენის შემდეგ, როცა ჰელმუტის AA დუანის 1010-თან დამარცხდა, მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, ერთმანეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. დუანი და ჰელმუტი ჯერ $200.000 დოლარიან ჰედს-აპ მაგიდას მიუსხდნენ, საიდანაც გამარჯვებული კვლავ დუანი გამოვიდა. თამაშის ფორმატიდან გამომდინარე, წაგებულ მოთამაშეს განმეორებითი მატჩის მოთხოვნა შეეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაში, დაპირისპირებულ მხარეებს ფსონი უნდა გაეორმაგებინათ. ასეც მოხდა. 26 იანვარს, "ისტორიული მტრები" ერთმანეთს $400.000 დოლარიან ჰედს-აპზე დაუპირისპირდნენ და თითქმის 2 საათის განმავლობაში ითამაშეს.
თამაშის დაწყებამდე, ალი ნეჯადმა - გადაცემის წამყვანმა დაპირისპირებულ მხარეებს აზრის გამოთქმისა და ვარაუდის გაკეთების საშუალება მისცა. როგორც ჰელმუტმა თქვა, დუანთან განცდილი 4 თვის წინანდელი მარცხის შემდეგ, თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ საკუთარ თამაშზე მუშაობისა და სტრატეგიის კორექტირებების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. შედეგად, მან არაჩვეულებრივი WSOP-ის სერიები ჩაატარა, სადაც მე-16 ოქროს სამაჯური და $1.2 მილიონი დოლარი მოიგო.
"თუ ჩემთან წაგება გეხმარება, იმედია, დღესაც დამარცხდები და შემდეგი სერიებიც ასეთი წარმატებული გექნება" - დუანის ამ რეპლიკიდან 2 საათის შემდეგ, ფილ ჰელმუტის ანგარიში $400.000 დოლარით შეივსო. ამჯერად, თავად ჰელმუტი აღმოჩნდა უცნაურ როლში: 74-ით მან დუანის 1010 დაამარცხა, რაც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული მოთამაშისგან დიდი მოულოდნელობა იყო. "ის იმდენად კარგია, ყოველთვის სწორ ფოლდებს აკეთებს, წარმოუდგენლად აგრესიულია, - ყვებოდა მატჩის შემდეგ ჰელმუტი მოწინააღმდეგეზე, - ვიფიქრე, რომ ცოტათი უნდა ამეჩქარებინა თამაში და გაცილებით მეტი დარიგება მეთამაშა".