უკრაინაში შეჭრის გამო, სოჭში დაგეგმილი EPT-ის ჩემპიონატი გადაიდო
რუსეთში, სოჭში დაგეგმილი EPT-ის ყოველწლიური ჩემპიონატი გაუქმებულია. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიაა, რომელსაც ათეულობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
European Poker Tour-ის სატურნირო სერია 18-27 მარტის პერიოდში უნდა გამართულიყო. ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩატარების თარიღად 1-10 ოქტომბერი სახელდება, თუმცა, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. სავარაუდოდ, რუსეთში დაგეგმილი პოკერის სხვა სერიებიც გადაიდება, ან გაუქმდება.
მძიმე ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს უკვე არაერთი სანქცია დაუწესდა, მათ შორის - სპორტისა და ხელოვნების სფეროებშიც. FIFA-ს გადაწყვეტილებით, რუსეთს ეკრძალება საფეხბურთო მატჩების მასპინძლობა, ხოლო ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს უფლება აღარ ექნება ითამაშოს რუსეთის სახელით - ის რუსეთის ფეხბურთის გაერთიანების სახელით იასპარეზებს, როგორც ეს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემთხვევაში მოხდა. ასევე, საფეხბურთო მატჩებამდე ტრადიციული ჰიმნის შესრულებისას, რუსეთის ჰიმნი აღარ გაჟღერდება. გუნდს არ ექნება უფლება წარდგეს ეროვნული სიმბოლიკითა და დროშით. მანამდე, მკაცრი გადაწყვეტილება UEFA-მ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ფინალს პარიზი უმასპინძლებს. კრემლის მიერ კონტროლირებული Gazprom-ის სპონსორობის ქვეშ ყოფნასა და კომპანიის რეკლამირებაზე არაერთმა ევროპულმა საფეხბურთო კლუბმა განაცხადა უარი. სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი, ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა, რომ კლუბის მფლობელის პოზიცია დაეთმო.
გარდა ამისა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუწყვიტა. დროშისა და ჰიმნის გამოყენება ასევე აეკრძალათ რუსეთისა და ბელარუსის ტანმოვარჯიშეთა ნაკრებებსაც. სანქციები შეეხოთ რუსული ჰოკეისტებს, მოცურავეებს, კალათბურთელებსა და მოთხილამურეებს.