ჰენრი ორნსტაინი - ადამიანი, რომელმაც შეცვალა პოკერი
ჰენრი ორნსტაინი - ადამიანი, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა ფაშისტური ჯოჯოხეთი, გადაურჩა ჰოლოკოსტს, იყო სამი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე და ათწლეულების შემდეგ რევოლუცია მოახდინა აზარტული თამაშების სამყაროში. იგი, მის სამ ძმასთან ერთად, მათემატიკოსად გაფორმდა გერმანელთა მიერ მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში, რათა ე.წ. გამოსადეგი პროფესიის მქონე ადამიანების სიაში შესულიყო - ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. მოკავშირეთა საჰაერო იერიშის დროს, ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, მან ძმა დაკარგა. ხოლო ომის დასრულებისა და გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, დარჩენილ ორ ძმასთან ერთად თავისუფლება მოიპოვა. 1947 წელს მან, ისე როგორც უამრავმა ებრაული წარმოშობის ადამიანმა, ევროპა დატოვა და ამერიკას მიაშურა, ახალი ცხოვრების დაწყების იმედით.
მის პირველ სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკაში დაწყებული ბიზნესი, რომელიც უმეტესად სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოებასა და გაყიდვას მოიცავდა. ამერიკულ ბიზნესსა და კულტურაში ფეხის მყარი მოკიდების შემდეგ, ის ნელ-ნელა მიიწევდა წინ, რაც კომპანია Topper Toys-ის დირექტორობით დასრულდა.
1990 წელს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჰენრი ორნსტაინს გაუჩნდა ახალი ჰობი - შვიდკარტა სტადი, რასაც მოჰყვა ტეხასური ჰოლდემი, რომელიც იმ პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და ჩრდილს აყენებდა პოკერის სხვა სახეობებს. 1993 წელს მან მონაწილეობა მიიღო WSOP-ის მეინ ივენთში, სადაც მეთორმეტე ადგილი დაიკავა, ხოლო ორი წლის შემდეგ მან უკვე ითამაშა ფინალურ მაგიდაზე, სადაც ითამაშა ისეთ ცნობილ პროფესიონალებთან, როგორებიც დენ ჰარინგტონი და მაიკ სექსტონი არიან. 1996 წელს მან კიდევ ერთ ფინალურ მაგიდაზე ითამაშა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი მისი გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო WSOP-ის შვიდკარტა სტადი. ორნსტაინმა ფინალურ ბრძოლაში უმბერტო ბრენე დაამარცხა.
ორნსტაინის ახალმა გატაცებამ ვერ შეუშალა ხელი მის გონებას, - ეფიქრა მუდამ ახლებურად, ყოფილიყო ინოვაციის ძიებაში. მან შეამჩნია ისეთი რამ, რასაც იმ დროისთვის ძალიან ცოტა თუ აქცევდა ყურადღებას: აუდიენციის ნაკლებობა, პუბლიკის დაუინტერესებლობა თამაშის მსვლელობაში. მიუხედავად იმისა, რომ WSOP-ის მეინ ივენთები გადაიცემოდა ამერიკული ტელევიზიით, ხალხი ნაკლებად იყო ჩართული თამაშის პროცესში, რადგან მოთამაშის ხელი არ ჩანდა. კარტების ნახვის საშუალება მაყურებელს ეძლეოდა ძალიან იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარიგება შოუდაუნამდე მივიდოდა. ეს ყველაფერი კი თამაშის ყურებას მოსაბეზრებელს ხდიდა. ორნსტაინმა გადაწყვიტა თავისი საქმიანობა, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოგონებას მოიცავდა სათამაშოების სფეროში და ტექნიკაში, გამოეყენებინა პოკერის პოპულარიზაციისთვის. მან თავისი კომპანიის ინჟინრებთან ერთად დაუზოგავად იშრომა და 1995 წლის 19 სექტემბერს შექმნა მაგიდა, რომელსაც ჰქონდა სპეციალური კამერა, რათა პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია მოთამაშის კარტის შესახებ. ტელევიზიებმა ახლებურად დაიწყეს ისეთი მოვლენების გაშუქება, როგორებიც იყო WSOP, WPT, ბრიტანული Late Night Poker და ა.შ.
ამ მოვლენამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა პოკერის სამყაროში. თამაშმა, რომელიც მხოლოდ მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებს იზიდავდა, არნახულ პოპულარობას მიაღწია. მოთამაშეების თამაშის სტილი აქამდე უცნობი იყო, არავინ იცოდა მათი ფიქრების მსვლელობა, მათი დაძაბულობა, მათი გადაწყვეტილებების მიღების ხაზი. ახლა კი ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. თუ 1995 წელს WSOP მეინ ივენთზე მოთამაშეთა რაოდენობა შეადგენდა 273 ადამიანს, 2005 წლისთვის იგივე ტურნირზე 5619 დარეგისტრირდა.
ჰენრი ორნსტაინმა მილიონობით ადამიანს მისცა თავიანთი საყვარელი მოთამაშის უკეთ გაცნობის, თამაშში ჩართული ადამიანების ახლებურად დანახვისა და შეფასების საშუალება, პოკერზე ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა და იმედი, რომ ოდესღაც ნებისმიერი მოყვარული შეიძლება გახდეს მილიონერი და ჩემპიონი, რომელსაც მთელი პოკერის სამყარო აღმერთებს.