61 წლის ასაკში გარდაიცვალა დეივ Devilfish ულიოტი
გუშინ, ორშაბათს, სამოცდაერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული და მსოფლიო პოკერის ლეგენდა, დეივ "დევილფიშ" ულიოტი. გარდაცვალების შესახებ ცნობა, მისმა ვაჟმა, დევიდმა გაავრცელა.
ჯეოპოკერის მომხმარებლებს ემახსოვრებათ თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეივ ულიოტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს. მას მეუღლე და რვა შვილი დარჩა.
61 წლის ვეტერანი, კინგსტონიდან, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებოდა ევროპული პოკერის ერთ-ერთ ნათლიმამად. 1999 წლის ბრიტანული Late Night Poker-ის პირველი გამარჯვებული, თავისი ფეთქებადი, ქარიზმატული, უცნაური და ამავდროულად იუმორითა და სითბოთი აღსავსე ხასიათის გამო, ასიათასობით ბრიტანელი და ევროპელი მოთამაშისთვის სამაგალითო ფიგურა გახდა. მან არნახული როლი ითამაშა პოკერის პოპულარიზაციასა და გავრცელებაში ევროპის კონტინენტზე. იგი კარიერული, ტურნირებიდან მიღებული $6.2 მილიონი დოლარით, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ სემ კრიკეტს ჩამორჩებოდა.
დეივ ულიოტმა მსოფლიო პოკერის წინა რიგებში 20 წელზე მეტი გაატარა. დედამიწის ყოველ კუთხეში, სადაც აზარტული თამაშით იყვნენ დაინტერესებულნი, ის იყო სახე უამრავი კამათის, მხიარულების და, რაც მთავარია, წარმატებისა. 1997 წელს ულიოტმა მოიგო WSOP-ის ოქროს სამაჯური, ხოლო 2003 წელს, სამაჯურს, მან WPT ტიტულიც დაამატა.
ულიოტის ჯანმრთელობის რყევის შესახებ ხმები მარტის ბოლოსთვის გავრცელდა, როდესაც სახალხოდ გახდა ცნობილი, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას აღარ შეეძლო ლაივ ტურნირებზე დასწრება და თამაში. თავისი ბოლო თვე მან მაქსიმალურ სიმშვიდეში, მშობლიურ ქალაქ ჰულში, ოჯახის წევრების ატმოსფეროში გაატარა.
პოკერის სამყარო გლოვობს დეივ ულიოტის გარდაცვალებას. მისი მეგობრები და ცნობილი მოთამაშეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მესიჯებს და გამოთქვამენ მწუხარებას მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის გარდაცვალების გამო.