2008 წელს, CardPlayer-ში გამოქვეყნდა ჯონ ვორჰაუსის სტატია, სადაც ეწერა ასეთი ფრაზა: არაფერი ჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე იაფფასიანი ფლოპი. ჯონ ვორჰაუსს ეკუთვნის ისეთი ნოველები, როგორიცაა California Roll, Lucy In The Sky, The Albuquerque Turkey და ა.შ. მისი ერთ წინადადებაში გადმოცემული უამრავი პოკერის კონცეფცია, შეიძლება პოკერის შესახებ დაწერილ დიდ წიგნზე ფასეულად ჩავთვალოთ. ამ ფრაზაში გადმოცემული აზრი, პარადოქსულია, მაგრამ რეალურია.
ამ იდეის საილუსტრაციოდ დავწერ რამდენიმე წლის წინ ნათამაშებ ხელს. უბრალო, პატარა თამაში მეგობრების წრეში. ბაი ინი - 20 ლარი; ლიმიტის გამო ბლაინდები - 0.20/0.20. რამდენად არასერიოზულ თამაშზეა საუბარი, ადვილი წარმოსადგენია. რეალურად შეკრებილები ვართ გასართობად და არავის ადარდებს ფულის კეთება და უცნაური იდეების მაგიდაზე რეალიზება. მე ბიგ ბლაინდი ვარ, ხელში T3-ით. ჩემგან მარცხნივ მჯდომმა, კარტების დარიგებამდე, გააკეთა ბრმა ფსონი 0.40-ის ოდენობით. მეც, რა თქმა უნდა, ერთი ბიგ ბლაინდის დამატება არ გამჭირვებია, მითუმეტეს, რომ ჩემამდე დაახლოებით 6-7 მოთამაშეც იგივენაირად მოიქცა. აქ უფრო მეტად მიხვდებით თამაშის არასერიოზულობას. დარიგდა რეინბოუ KT3 ფლოპი. სმოლ ბლაინდზე მჯდომმა დადო, მე გავზარდე. ახლა კი მოიფიქრეს სხვებმა კარტების გადაყრა, მაგრამ სმოლ ბლაინდი ოლ ინს აკეთებს, მე რა თქმა უნდა - ქოლს. მას KT ჰყავს, მე - T3. მე სამიანების იმედად დავრჩი, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ამოვიდნენ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რეიზის მაგივრად, რატომ არ ვითამაშე უბრალოდ ქოლი? საქმე იმაშია, რომ ორიგინალი რეიზერი იმ კატეგორიის მოთამაშე იყო, რომელიც ცდილობდა ტოპ წყვილით ხმაურიანი ბეთების კეთებას, რათა სხვებს ხელი არ შეეშალათ და თამაში არ გაეგრძელებინათ. ჩვეულებრივი, დამწყები მოთამაშის მიდგომა, არაფერი განსაკუთრებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქოლის გამართლება შესაძლებელია კონკრეტულ ოპონენტზე შექმნილი შთაბეჭდილებით, ამ დარიგების მთავარი პრობლემა სწორედ იაფი ფლოპია. ეს არის პოკერის ერთ-ერთი მარტივი პრინციპი - იაფი ფლოპი ყოველთვის ძვირი ჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე საუკეთესო ხელით გამოუვალ სიტუაციაში ვარდები. ასე რომ, დავუბრუნდეთ რეალურ პრობლემას - პრეფლოპს. მოთამაშის ბრმა ფსონზე, რომელსაც ყველა გაჰყვა, უნდა გამეკეთებინა ქოლი, თუ ჯობდა გამეზარდა?
აგრესიული, მომგებიანი პოკერის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ როცა ვინმე ბეთს აკეთებს, ქოლი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რისი მიღებაც მოთამაშეს შეუძლია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა მიზეზი გავაკეთოთ რეიზი? თუ არა, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა მიზეზი გადავყაროთ კარტი? თუ ორივე კითხვაზე პასუხია "არა", მაშინ ჩვენ შეიძლება დავუბრუნდეთ ქოლის გადაწყვეტილებას. იგივენაირად რომ მივუდგეთ ამ დარიგების დასაწყისს: შემეძლო თუ არა რეიზი გამეკეთებინა? რა თქმა უნდა! მაგიდაზე იყო ერთი მოთამაშე, რომელიც ასეთ "ოჯახურ პოტში" ძალიან დიდ რეიზებს აკეთებდა და შემდგომი ბრძოლისა და დაძაბულობის გარეშე იგებდა თანხას, რომელსაც ასეთ შემთხვევებში "მკვდარ ფულს" ეძახიან. მე შემეძლო იგივეს გაკეთება. იმის გათვალისწინებით, რომ მე არ ვიყავი მსგავს ქმედებაში შემჩნეული, ჩემი დიდი რეიზი უფრო დამაჯერებელი და შედეგიანი აღმოჩნდებოდა. მითუმეტეს, რომ არავინ აპირებდა ლიმპ-რირეიზის თამაშს და მსგავსი რთული გადაწყვეტილებების მიღებას.
რა თქმა უნდა, დიდი რეიზის გაკეთება ისეთი ნაგავით, როგორიცაა T3, ნებისმიერი მოთამაშისთვის რთულია, მაგრამ თუ ყოველთვის საკუთარი კომფორტის მიხედვით თამაშობ, მარტივად რომ ითქვას - ეს ცუდი თამაშია! მაგრამ მაინც, T3-ით შვიდი ოპონენტის წინააღმდეგ აგრესია ძალიან რთული მოქმედებაა. რა არის შემდეგი გადაწყვეტილება? ფოლდი? მე მარტივად შემეძლო კარტების გადაყრა და მთელი "უბედურების" თავიდან აცილება. T3-ის გადაყრას არანაირი გამართლება არ სჭირდება, ამაზე ცუდ ხელს იშვიათად თუ მოძებნით. ნებისმიერი შემთხვევითი ხელის ეკვიტი დაახლოებით 10.4%-ია, T3-ის კი - 5.9%.
იმის მიუხედავად, რომ თამაშში თითქმის ყველა იყო შემოსული და მე მხოლოდ ერთი ბიგ ბლაინდის დამატება მჭირდებოდა, T3-ით ქოლი მაინც ცუდი გადაწყვეტილებაა. თან ისეთ მაგიდაზე, სადაც ხალხი გასართობად და არასერიოზულად თამაშობს, სადაც გაცილებით უკეთესი შანსებით შეგიძლია ფულის ჩადება და თითქმის დანამდვილებით იცი, რომ მოგება გექნება, T3-ით ქოლი სულ უფრო და უფრო სულელურ გადაწყვეტილებას ემსგავსება.
იაფი ფლოპის ცდუნება იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ნაკლები ფულის გადახდა გიწევს, დიდი სავარაუდო მოგების იმედად, მაგრამ რეალობა ყოველთვის სხვანაირი გხვდება. რეალურად სამი სავარაუდო გადაწყვეტილებიდან, ქოლი ყველაზე ცუდი ვარიანტია. შემდეგში, როცა მსგავსი სიტუაცია გექნებათ, თქვენც სცადეთ იგივე თავი აარიდოთ მიმზიდველ იაფფასიან ფლოპებს. პირველ რიგში დაფიქრდით რეიზზე. თუ რეიზს გამართლება ვერ მოუძებნეთ, დაფიქრდით ფოლდზე და მხოლოდ ამ ორზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადადით ქოლის ვარიანტზე. წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მოთამაშისთვის, იაფი ფლოპი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ის გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე პრეფლოპ გადახდილი თანხა.