ბარი გრინშტეინი: ჩემი პირველი WSOP
ბარი გრინშტეინი 'ცოდვების ქალაქში' 1992 წელს გამოჩნდა. თავის ქალაქში მას საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა და, როგორც ყველა ლოკალური მომგებიანი მოთამაშე, გრინშტეინიც ლას ვეგასის დაპყრობაზე ოცნებობდა. ვეგასში მცირე ბანკროლის დაგროვების შემდეგ, გრინშტეინმა ჩათვალა, რომ დიდი თამაშის დრო იყო და ქეშ გეიმებზე მოგებული $10.000 დოლარის WSOP-ზე გარისკვა გადაწყვიტა. ვისაც წაკითხული გაქვთ Ace On The River, გეცოდინებათ, რომ გრინშტეინი საკუთარ თავს, ადრეული ასაკიდანვე, ჩამოყალიბებულ გემბლერად ხედავდა. პერიოდულად, ის ქალაქის უდიდეს ქეშ გეიმებს თამაშობდა, სადაც ნებისმიერ მაგიდაზე გაწონასწორებულ, დახვეწილ და წარმატებულ მოთამაშედ ითვლებოდა. ასე რომ WSOP-ის რისკი მისთვის განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა. მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ბინიონის Horseshoe-ში ტურნის მაგიდას მიუჯდა, გრინშტეინმა გააანალიზა, რომ ამჯერად ის საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ იყო.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბარი გრინშტეინთან, სადაც ის თავისი კარიერის დასაწყისს და მთლიანად WSOP-ის ლეგენდარულ ტურნირს იხსენებს.
უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც WSOP კაზინო Rio-ში გადავიდა. როგორი იყო ტურნირი მანამდე და როგორი იყო ის, როცა პირველად ჩამოხვედი ვეგასში?
ჩემი პირველი WSOP ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო იყო. როცა ლას ვეგასში ჩავედი, ტურნირის თამაშს საერთოდ არ ვაპირებდი, მე აქ ქეშ გეიმებისთვის ვიყავი. მაშინ უმეტესად პოტ ლიმიტ ჰოლდემს თამაშობდნენ. მე ულიმიტო ჰოლდემის მოთამაშე, და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მოთამაშე ვიყავი. პოტ ლიმიტ ჰოლდემი ჩემთვის ახალი იყო, თუმცა დიდი განსხვავება არ იგრძნობოდა. ვფიქრობ, მაშინ ქეშ გეიმებზე საკმაო წარმატება მქონდა და გარკვეული თანხის მოგროვებაც მოვახერხე. ტურნირების სერიის დაწყებამდე $10.000 დოლარზე ცოტა მეტი მოვაგროვე. ამას მსოფლიო სიმდიდრეს ვერ დავარქმევთ, თუმცა იმ დროისთვის საკმაოდ კარგი თანხა იყო. გადავწყვიტე ამ ფულით, უდიდეს ტურნირზე მეცადა ბედი. როცა სათამაშოდ დავჯექი და მოთამაშეებს გადავხედე, მივხვდი, რომ პრობლემები მქონდა. ჩემთან ერთად მაგიდასთან ისხდნენ ჯონი ჩენი, თი ჯეი კლუტიე, დუი ტომკო და ბობი ჰოფი.
... და თქვენ ყველა ერთ მაგიდაზე იყავით?
ისინი ყველანი ზუსტად იმ მაგიდაზე ისხდნენ, რომელიც მე შემხვდა. ქეშ გეიმებიდან, მათ იცოდნენ, რომ კარგი მოთამაშე ვიყავი, მაგრამ ბევრს არ ჰქონდა მაშინ ჩემი სახელი გაგონილი, მე ხომ ტურნირებს არ ვთამაშობდი? ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო დიდი პოკერისკენ.
გამოდის, რომ პირველი ტურნირი, რომელიც თქვენ ითამაშეთ პირდაპირ WSOP-ის მეინ ივენთი იყო?
ზუსტად! მანამდე შეიძლება ლოუბოლის რამდენიმე, ძალიან პატარა ტურნირი მქონდა ნათამაშები, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი... მაგრამ როგორც ვთქვი, რამენიმე მათგანმა იცოდა ვინ ვიყავი. ტურნირის პირველი დღე ჩიპ ლიდერმა დავასრულე, რაც ასეთ მაგიდაზე არნახული წარმატება იყო ჩემთვის. შემდგომში შეცდომა დავუშვი და QQ გადავყარე, რაც საკმაოდ ძვირად დამიჯდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, მოწინააღმდეგეს 99 ჰყავდა. მაშინ 22-ე ადგილი დავიკავე, რისთვისაც $8.100 დოლარი მომცეს. დიახ, მაშინ საპრიზო ადგილისთვის ბაი ინზე ნაკლებსაც იხდიდნენ.
დღევანდელი WSOP-ის მინიმალური საპრიზო ადგილის გათვალისწინებითაც კი, ეს თანხა საკმაოდ უცნაური ჩანს.
დიახ, ეს მართლაც გამაღიზიანებელი იყო. თან მაშინ მოთამაშეებზე საიდ ბეთები კეთდებოდა, ვინ რომელ ადგილზე გავიდოდა, ან რომელ დღეს დაასრულებდა თამაშს და ა.შ. მახსოვს, ერთი შოტლანდიელი ბუკმეკერი იყო, ტერი როჯერსი, რომელიც ჩემზე ფსონებს ღებულობდა 50:1 კოეფიციენტით. მან არ იცოდა მე ვინ ვიყავი, მაგრამ ყველა ქეშ გეიმერმა იცოდა ჩემი თამაშის შესახებ და ყველა ჩემზე დებდა. მახსოვს, მაშინ ტერი როჯერსი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "მინდოდა მენახა ვინ იყავი. ყველა დიდი ქეშ გეიმერი შენზე დებს და თუ მოიგებ, მე გავკოტრდები". ეს ყველაფერი ძალიან მახალისებდა.
პირველი წარმატებული დღის შემდეგ AQ-ით წავაგე KK-ის წინააღმდეგ. მოთამაშე, რომელთანაც წავაგე, ძალიან აგრესიული იყო. გამუდმებით 4BB რეიზს აკეთებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი რეიზი 3BB იყო. მე ვერ გამოვიცანი, რომ მას უბრალოდ ჩემი გაშვება არ უნდოდა ბანკიდან და შეცდომით გადავწყვიტე, რომ უბრალოდ სუსტი ხელი ჰქონდა. საბოლოოდ ჩემს ოლ ინზე მან KK დამახვედრა და ტურნირიდან გამომაგდო. მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი მოგებული $8.100 ავიღე და 'გოლდენ ნაგეტსისკენ' წავედი, სადაც ნომერი მქონდა ნაქირავები. ოთახში ასვლამდე მთელი ფული, ზუსტად 20 წუთში, ბლექჯექის მაგიდასთან წავაგე. ამან კიდევ უფრო დამამძიმა. მე წავაგე WSOP, წავაგე შემდეგი სულელური თამაში, მე აბსოლუტურად გაკოტრებული ვიყავი. თან ვფიქრობდი, რომ WSOP-ის მოგების დიდი შანსი მქონდა, რადგან ტურნირის მოთამაშეებიდან თითქმის არავინ იცოდა ვინ ვიყავი.
რამდენი მონაწილე ჰყავდა ტურნირს?
მაშინდელ მეინ ივენთზე 200 ადამიანი თამაშობდა. ყოველ წელს იზრდებოდა მათი რიცხვი, მაგრამ 200 ადამიანში, სადაც საკმაოდ კარგი მოთამაშე ხარ და არავის გაუგია შენზე, ტურნირის მოგების სერიოზული შანსი გიჩნდება. სამწუხაროდ მე ის ვერ გამოვიყენე.
კარიერის იმ ეტაპზე, ფიქრობდით, რომ მეინ ივენთის მოგება თქვენი მთავარი მიზანი გახდებოდა?
სულაც არა. მე ტურნირების თამაშსაც კი არ ვაპირებდი. ჩემი ინტერესი მხოლოდ ქეშ გეიმები იყო და შემდეგშიც ასე დარჩა. მე იმის თქმა მინდა, რომ როცა ძალიან იშვიათად მოგზაურობ, როცა ვეგასში ჩადიხარ, თამაშობ მსოფლიოში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ტურნირს, გაქვს მოგების შანსი და კარგად მიიწევ წინ და ამ დროს სულ მარტივი შეცდომის გამო აგებ, ძალიან საწყენია. პირველი ადგილის გარდა, არცერთი შედეგით არ ვიქნებოდი კმაყოფილი.
ვეგასში განცდილი მარცხის შემდეგ, გავფრინდი სახლში, პალო ალტოში. აქ იყო ერთი კლუბი, Cameo Club, სადაც ულიმიტო ჰოლდემს ვთამაშობდით. იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, არანაირი ინტერნეტი არ არსებობდა, მაგრამ სატელეფონო კავშირებით ადამიანები რეგულარულად გებულობდნენ სხვა ქალაქებში მომხდარ ამბებს. როგორც გაირკვა, კლუბის წევრები, რომელბთან ერთადაც პალო ალტოში ვთამაშობდი, მგულემატკივრობდნენ და გებულობდნენ ვეგასში ჩემი ტურნირის ამბებს. როცა ქალაქში დავბრუნდი და კლუბში შევედი, დამხვდა დიდი წარწერა "ბარი, გილოცავთ!" თავდაპირველად გამაკვირვა იმ ფაქტმა, ასე უცებ საიდან შეიტყვეს ჩემი ამბები, მაგრამ უფრო იმან, რომ მე ვეგასიდან დამარცხებული დავბრუნდი, კლუბის წევრებისთვის კი ეს დიდი წარმატება აღმოჩნდა. ახლა რომ ვინმე WSOP-ის 22-ე ადგილზე გავიდეს, ეს მართლაც დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ 200 მოთამაშეში 22-ე ჩემთვის ნამდვილად არ იყო საამაყო. მითუმეტეს რომ ტურნირზე წაგებაში წავედი და შემდეგ, ბლექჯექის მაგიდასთან საერთოდ ყველაფერი დავკარგე. მაგრამ ხალხისთვის ლას ვეგასში თამაში და მცირედი წინსვლაც კი სხვანაირად აღიქმებოდა. ყველა მილოცავდა, მეკითხებოდნენ ლას ვეგასის ამბებს და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა ძალღონის მოკრებაში.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გასახსენებელი მომენტი მას შემდეგ, რაც პირველად ესტუმრე ლას ვეგასს?
ვფიქრობ, ჩემი პირველი სამაჯურის მოგება (ულიმიტო 2-7 დრო 2004-ში), თუმცა მაშინაც კი არ ვეძახდი თავს ტურნირების მოთამაშეს. მაგრამ ერთხელ მოვხვდი სატელევიზიო გადაცემაში, სადაც მორი ესკანდანიმ მითხრა: ითამაშე უფრო მეტი ტურნირი, რამის თქმა რომ შეგვეძლოს შენზე! მეც გავუღიმე და დავპირდი, რომ შევეცდებოდი. მე არასდროს მიმოგზაურია ლას ვეგასის და კალიფორნიის გარდა ტურნირების სათამაშოდ, მაგრამ ქეშ გეიმებისთვის ძალიან ბევრ ადგილას წავსულვარ. მას შემდეგ რაც 2004ში რამდენიმე ტურნირი მოვიგე, მორის ვუთხარი: მე უფრო მეტ ტურნირს ვითამაშებ და ვეცდები მოვიგო. მას შემდეგ დავუბრუნდი WSOP-ის და პირველივე ტურნირი მოვიგე. კარგი ამბავი ის იყო, რომ მაშინ ეს ტურნირი დოილ ბრანსონთან "დავაზღვიე" და მოვიგე კიდეც. მოგებული თანხა ქველმოქმედებაში დავხარჯე, რადგან უფრო დიდი ფული დოილისგან მქონდა მიღებული.
თქვენი პირველი შეხება WSOP-ისთან 20 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. მას შემდეგ თამაში ძალიან გაიზარდა, ამ და სხვა ტურნირებზე ათასობით მონაწილე რეგისტრირდება, ტელევიზიები ვრცლად აშუქებენ ტურნირის მოვლენებს, მონაწილეთა და გამარჯვებულთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება. 1992 წელს, როცა პირველად ითამაშეთ, გქონდათ ვარაუდი, რომ ასეთი ცვლილებები მოხდებოდა?
ასეთი ვარაუდი საიდან უნდა გამჩენოდა? მაშინ ჩვენ ყველანი იდიოტები ვიყავით, უბრალოდ პოკერს ვთამაშობდით და მეტი არაფერი გვაინტერესებდა. WSOP-იც ასეთი იდიოტების შეკრების ადგილი იყო.
დაუბრუნდით WSOP-ის მას შემდეგ?
დიახ, მე ყოველწლიურად ვმონაწილეობ მეინ ივენთში და სერიის სხვა თამაშებშიც.
გამოდის, რომ თქვენც სხვების მსგავსად შეპყრობილი ხართ WSOP-ის "დაავადებით"?
არა, სულაც არა. მე ქეშ გეიმებით უფრო ვიყავი დაინტერესებული. მაგალითად, როცა 2003 წელს, კრის მანიმეიკერმა WSOP მოიგო, იმ წელს მისი მოგებული თანხის სამჯერ მეტი გამოვიმუშავე. მანიმეიკერის გამოჩენამდე ქეშ გეიმები გაცილებით შემოსავლიანი იყო და გაცილებით დიდი ფული ტრიალებდა, ვიდრე ტურნირებზე. WSOP-ზე იყო ივენთები, სადაც ტურნირის მოგების შემთხვევაში $30.000 დოლარს გიხდიდნენ. მე ხშირად ვთამაშობდი ქეშ გეიმებს, სადაც წინასწარ ვიცოდი, რომ $100.000 დოლარის მოგება შეიძლებოდა ერთ სესიაზე. უბრალოდ წლის ამ დროს და ამ ივენთზე, ყველა ვეგასში იკრიბებოდა და მეც ამ საზოგადოებაში ყოფნა მიწევდა.
ქეშ გეიმებს ახლაც ისეთი ინტენსივობით თამაშობთ, როგორც ადრე?
ისეთივე სიხშირიდ ნამდვილად აღარ. ახლა ტურნირებს ვთამაშობ. ახლა ტურნირებში შეიძლება დიდი ფულის მოგება. 8-10 წლის წინ შემეძლო რამდენიმესაათიანი ტურნირის შემდეგ სახლში წავსულიყავი და ქეში მეთამაშა დილამდე, 2-3 საათი დამეძინა და ისევ ტურნირზე დავბრუნებულიყავი. და ასეგ გრძელდებოდა თვეობით. ახლა ამას ნამდვილად ვერ ვახერხებ. ადრე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიყავი. მე უკვე 60-ს ვუახლოვდები. ვფიქრობ ჩემი 60-იანები საკმაოდ წარმატებული უნდა გამოდგეს ტურნირების მხრივ, მაგრამ რთულ და დიდ მიზნებს ვეღარ დავუწესებ საკუთარ თავს. ვფიქრობ ასაკის გარდა... გულახდილად რომ ვთქვა, ისე კარგად ვეღარ ვთამაშობ. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი დასვენება მჭირდება, ვიდრე 10 წლის წინ. თუმცა ისიც ვიცი, რომ ტურნირის მოთამაშეების უმეტესობაზე გაცილებით უკეთ ვთამაშობ. ასე რომ ცუდი 60-იანები არ უნდა მქონდეს.