ჯო ჰეშემს ლიმუზინი მოპარეს; შონ ბიუქენენი SCOOP-ის მე-4 ტიტულს იგებს; ბრაზილიელები კვლავ დომინირებენ
რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიაში დაგეგმილ Celebrity Poker Night-ის დაწყებამდე კურიოზული ინციდენტი მოხდა: ღონისძიებას, პოკერის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, WSOP-ის 2005 წლის ჩემპიონი, ჯო ჰეშემიც უნდა დასწრებოდა. ჰეშემი, ერთ-ერთ რესტორანში, ძმასთან და ავსტრალიური ფეხბურთის ყოფილ მოთამაშესთან, ბრენდან ფევოლასთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც პოკერის ივენთზე გამგზავრებას გეგმავდა. თუმცა, რესტორანში ყოფნის დროს, მისთვის განკუთვნილი $200.000 დოლარის ღირებულების 'კრაისლერის' ფირმის ლიმუნიზინი პარკირების ადგილიდან გაქრა. როგორც მოგვიანებით პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მანქანა რესტორნიდან რამდენიმე მილის მოშორებით, დაზიანებული იპოვეს, გამტაცებელმა კი მიმალვა მოახერხა. მომხდარის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ლიმუზინის მფლობელმა კომპანიამ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონს ახალი ავტომობილი გაუგზავნა.
კანადელი მოთამაშე, შონ ბიუქენენი, იმ პროფესიონალთა სიას შეუერთდა, რომლებმაც SCOOP-ის 4 ტიტულის მოპოვება მოახერხეს. buck21-მა ამჯერად $2.100 დოლარიანი ულიმიტო ომაჰა ჰაი-ლოუს ივენთი მოიგო. ტურნირზე 158 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. ერთ-ერთი დიდი პერსონა, რომელსაც ივენთის ენტრანტებს შორის მოძებნიდით, ლეგენდარული ფინელი მოთამაშე, ილარი საჰამისი იყო. ბიუქენენმა, ფინალურ ჰედს-აპზე, რუსი მოთამაშე Us_Alex დაამარცხა. კანადელის სატურნირო კარიერა $6 მილიონ დოლარს ითვლის, რასაც ამ ივენთის პირველი ადგილისთვის დაწესებული $82.160 დოლარიც დაემატა.
რამდენიმე დღის წინ პოკერის მოყვარულები აღტაცებას ვერ მალავდნენ, SCOOP-ის ონლაინ პოკერის სერიებზე, ბრაზილიელების თავბრუდამხვევი წარმატების შესახებ. როგორც ახლა ირკვევა, მაშინდელი სიხარული ჯერ კიდევ ნაადრევი იყო... SCOOP-ის სერიებზე გამართული 17 ივენთიდან, ბრაზილიელ მოთამაშეებს უკვე 10 მათგანი აქვთ მოგებული. შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში SCOOP-ზე 51 ტურნირი იგეგმება. ბრაზილიელებს კი 'ოქროს მედლების' მეხუთედი უკვე მოპოვებული აქვთ. სავარაუდოდ, პოკერის ექსპერტებს მძიმე და ვრცელი ანალიზის გაკეთება მოუწევთ, თუ რამ გამოიწვია ბრაზილიური პოკერის ასეთი გამოცოცხლება და დახვეწა. მთლიანობაში, ბრაზილიელებმა $2.137.116 დოლარი მოიგეს. 2016 წლის SCOOP-ის ლიდერბორდში, მათ, კანადელები მოსდევენ - $1.997.649 დოლარით. მესამე ადგილზე, $1.704.050 დოლარით, ბრიტანელები არიან.





