SCOOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული თალალ შაკერჩი გახდა
SCOOP-ის $10.000 დოლარიანი მეინ ივენთის ფინალური მაგიდა ინგლისელი ბიზნესმენის, თალალ შაკერჩის ჩიპლიდით დაიწყო. მთავარი ღონისძიების გარანტირებული საპრიზო ფონდი $4 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 713 დარეგისტრირებული მოთამაშისა და 111 რე-ბაის გაკეთების შემდეგ, პრაიზპული $8 მილიონამდე გაიზარდა. ფინალური მაგიდის ყოველ მონაწილეს, ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე, $104.000 დოლარი ჰქონდა გარანტირებული.
თალალ შაკერჩი პოკერის მოყვარული მოთამაშეა, მაგრამ მის სატურნირო კარიერაში მოგებული $2.6 მილიონი დოლარი, რამდენიმე დიდი ტურნირის ფინალური მაგიდა და მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალების წინააღმდეგ უმაღლეს ლიმიტებზე ნათამაშები ქეშ-გეიმები, ნამდვილად შეგვაცვლევინებს აზრს. უმეტესად, მისი ნახვა ლაივ თამაშებზეა შესაძლებელი, მაგრამ როგორც ჩანს, ლონდონელი ბიზნესმენი არც ინტერნეტ გენიოსების წინააღმდეგ თამაშისას განიცდის დისკომფორტს.
შაკერჩის ურთულეს ფინალურ მაგიდაზე თამაში მოუწია. 713-დან უკანასკნელ 9 მოთამაშეში მოხვედრა რომ წარმოუდგენლად ძნელია, ცხადია, მაგრამ იმ მაგიდაზე გაძლება, სადაც ჯონ ჯუანდა, სკოტ სივერი და შონ ვინთერი თამაშობენ, ნამდვილ პროფესიონალიზმს მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ 'ფინალური ცხრიანი' შაკერჩიმ მნიშნველოვანი ჩიპლიდით დაიწყო, როდესაც მისი სტეკი მეორე ადგილზე მყოფი რუმინელი მოთამაშის სტეკს ორჯერ აღემატებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქმეს შედარებით აადვილებდა და საბოლოოდ ინგლისელმა მოყვარულმა ამერიკელი პროფესიონალი, შონ ვინთერი, ფინალურ ჰედს-აპზე დაამარცხა. ვინთერს მეორე ადგილისთვის $1.048.000, ხოლო შაკერჩის $1.468.000 დოლარი შეხვდა. მეოთხე ადგილზე გასულმა სკოტ სივერმა კი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი მიიღო და GPI-ის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა.
SCOOP-ის საშუალო ლიმიტის მეინ ივენთის გამარჯვებული ანდრეს Educa-p0ker არტინანო გახდა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში ჯორდან იანგი დაამარცხა და 'სკუპის' ტიტულთან ერთად $578.621 დოლარი მოიპოვა. დაბალი ლიმიტის მთავარი ღონისძიება კი, რა თქმა უნდა, ბრაზილიელს ხვდა წილად. ფეხბურთის ქვეყნიდან, ფინალურ მაგიდაზე, 4 მოთამაშე იყო წარმოდგენილი. ლეანდრო მაკედომ ჰედს-აპზე თანამემამულე დაამარცხა და SCOOP-ის პირველი ტიტული მიიღო, რა თქმა უნდა, $197.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.





