Big One for One Drop - ყველაზე ძვირადღირებულ პოკერის ტურნირს უკვე 35 ენტრანტი ჰყავს
სულ მალე, რამდენიმე კვირაში, მსოფლიოს უძვირესი ტურნირი Big One for One Drop იწყება, რომელიც მიმდინარე წელს პოკერის სერიების სახით იქნება წარმოდგენილი და რამდენიმე ივენთს გააერთიანებს. მთავარი ღონისძიება კი, რომლის ბაი-ინი €1.000.000 ევროს შეადგენს, და რომლისკენაც პოკერის მთელი ელიტის ყურადღებაა მიპყრობილი, 14 ოქტომბერს აიღებს სტარტს.
"მონტე კარლოში დაგეგმილი One Drop Extravaganza-ს უკვე 35 ენტრანტი ჰყავს, - ამბობს One Drop-ის დამფუძნებელი და მოყვარული მოთამაშე, გი ლალიბერტე, - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოთამაშეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. გარდა ამისა, როგორც მე შევიტყვე, მოთამაშეები არც რე-ბაის მოერიდებიან. ასე რომ, ტურნირი ნამდვილად კარგ ფორმაშია. გარდა მეინ ივენთისა, დაგეგმილია 7 ტურნირი და ქეშ-გეიმები, რომლებში მონაწილეობის მიღება პროფესიონალ მოთამაშეებსაც შეეძლებათ."
მთავარი ტურნირის გარდა, პოკერის ფესტივალზე, €50.000 ევროიანი ჰედს-აპ ივენთი იგეგმება. ძვირადღირებული სერიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა €100.000 ევროიანი ტურნირია, რომელიც სავარაუდოდ უამრავ პროფესიონალსა და ჰაიროლერს მიიზიდავს. რაც შეეხება ქეშ-გეიმს: დაგეგმილი ქეშ-გეიმების ბაი-ინები €2.500-დან €1.000.000 ევრომდე მერყეობს და ნებისმიერი გემოვნების მოთამაშეს აკმაყოფილებს.
One Drop კანადელი მილიარდერის, გი ლალიბერტეს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც იმ ქვეყნების მოსახლეობას ამარაგებს სასმელი წყლით, სადაც წყალი ძლიერ დეფიციტს წარმოადგენს. წინა ორი მილიონდოლარიანი ტურნირი 2012 და 2014 წლებში ჩატარდა და ისინი ანტონიო ესფანდიარიმ და დენიელ კოლმანმა მოიგეს. წლევანდელი €1.000.000 ევროიანი ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - მასში მონაწილეობა პროფესიონალ მოთამაშეებს ეკრძალებათ. მიზეზი ისაა, რომ დამწყებმა, მოყვარულმა მოთამაშეებმა, რომლებსაც მდიდარი ბიზნესმენები წარმოადგენენ, უარი განაცხადეს ესფანდიარის, ჰელმუტისა და ტრიკეტის მსგავსი პერსონებისწინააღმდეგ თამაშზე. ლალიბერტეს აზრით, მდიდარ მოთამაშეებს გართობა და რაც მთავარია - მოგების შანსის გამოყენება სურთ და არა პროფესიონალებისთვის საპრიზო ფონდის გამდიდრება. სწორედ ამიტომ, წლევანდელ მეინ ივენთზე მხოლოდ მოყვარულების ნახვა იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ანტონიო ესფანდიარის მოგებამ $18.000.000 დოლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე ძვირადღირებული სატურნირო ანაზღაურებაა პოკერის ისტორიაში.





