დოილ ბრანსონი დონალდ ტრამპის წინადადებას, მასწავლებელთა შეიარაღების შესახებ, მხარს უჭერს
ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში მომრავლებულ თავდასხმებს, რომლებსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, ძირითადად - ბავშვები ეწირებიან, უამრავი პოლიტიკოსი, კანონმდებელი, შოუბიზნესის ცნობილი სახე თუ ადგილობრივი სპორტის წარმომადგენელი გამოეხმაურა. მათ შორის იყო მსოფლიო პოკერის ლეგენდა, დოილ ბრანსონი, რომელმაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მიმდინარე კვირაში, მოსწავლეებთან და განათლების სისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა, სკოლებში განხორციელებული თავდასხმების ერთ-ერთ შემაკავებელ ინსტრუმენტად, მასწავლებლების შეიარაღება დაასახელა. მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დოილ ბრანსონმაც დაუჭირა მხარი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება 'ტვიტერის' გვერდზე, 431.000-იანი პუბლიკის წინაშე გააჟღერა: "ეს საუკეთესო პასუხია, - წერს ბრანსონი, - მოამზადეთ მასწავლებლები, როგორც მამაკაცები, ისე ქალები! მიეცით მინიმალური შეიარაღება! იარაღის გამოყენება სულაც არ არის რთული, განსაკუთრებით - საფანტის თოფების."
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრანსონის 'ტვიტს' საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მოგვიანებით, მასწავლებლების შეიარაღების იდეას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა. "საინტერესოა, რა მომენტში უნდა დავბლოკო ადამიანები? ყველას ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ? - პოკერის ლეგენდა საკმაოდ უკმაყოფილო ჩანდა 'ტვიტერის' მომხმარებლების კომენტარებით, - რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება არ დამეთანხმონ, შეურაცხყოფის უფლებაც აქვთ, მაგრამ ზღვარი აქაც დასაცავია."





