"მე პირველი ვიყავი, ვინც ლუზ-აგრესივი სტილით თამაში დაიწყო" - დენ ბილზერიანი
დენ ბილზერიანი თვითგამოცხადებული "ინსტაგრამის მეფეა", რომელიც სოციალურ მედიაში საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებული კუთხით წარმოაჩენს: ძვირადღირებული მანქანებით დადის, სუპერ მოდელებთან ერთობა, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ის ყველაფერზე საუბრობს, პოკერის გარდა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ თამაშში ათეულობით მილიონი დოლარი აქვს მოგებული.
გასულ კვირას, ბილზერიანი True Geordie Podcast-ში იყო მიწვეული, სადაც მან მდიდრული ცხოვრების სტილზე, ქალების მიმართ მის დაუცხრომელ სიყვარულზე და "ჯადოსნურ სოკოებზე" ილაპარაკა. მიუხედავად ამისა, გადაცემის წამყვანები მაინც შეეხნენ პოკერის თემას. სტუმარმა განმარტა, რომ არ ადარდებს, რას ფიქრობენ პოკერის სამყაროში მასზე. როგორც ბილზერიანი ამტკიცებს, ერთ-ერთ ქეშ-გეიმზე მან $54.000.000 დოლარი მოიგო. განსაკუთრებით ხმაურიანი იყო მისი განცხადება თამაშის ლუზ-აგრესივ სტილზე.
ერთ-ერთი ვერსიით, ბილზერიანმა ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო, ამჟამად კი ის რამდენიმე მსხვილი ფონდის მფლობელია. მისი მტკიცებით, ნდობის ფონდებზე მცდარი ინფორმაცია თავადვე გაავრცელა: "მე არ მინდოდა ის ტიპი ვყოფილიყავი, ტელევიზორში რომ ჩნდება და ყველამ რომ იცის, რამდენად კარგი მოთამაშეა. მინდოდა, ეფიქრათ, რომ 'საქერი' ვიყავი, რომ თამაში არ ვიცოდი. ჩემი ეგოს დაკმაყოფილებაზე მეტად, ჩემი საბანკო ანგარიში და ფული მადარდებდა. მოვახერხე, ხალხი დამერწმუნებინა, რომ სხვადასხვა ბიზნესები მქონდა, რათა ჩემი არ შეშინებოდათ და ძვირადღირებულ თამაშებში მონაწილეობის საშუალება მქონოდა."
პოდკასტის მასპინძლებმა სტუმარს დაგ პოლკზე მიანიშნეს, რომელიც ამბობდა, რომ ბილზერიანის საუკეთესო შედეგი 2009 წლის WSOP Main Event-ზე დაკავებული 180-ე ადგილი და $36.626 დოლარიანი ანაზღაურებაა. "არ ვიცი, მათთან არც შეხება მაქვს და არც მადარდებენ ეგ გამოსირებულები, - ამბობს ბილზერიანი კრიტიკოსებზე, რომლებიც რეალური მოთამაშეები არიან, - მე გრაინდინგი და ონლაინ პოკერი არასდროს მაინტერესებდა. მე მინდოდა მსახიობებთან, ბიზნესმენებთან და მდიდარ ადამიანებთან მეთამაშა, რათა უფრო დიდ ფულზე მქონოდა წვდომა. მინდოდა, მდიდარი იდიოტი ვყოფილიყავი, რომელსაც პოკერის მოთამაშეებთან და რეგულარებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა."
მსგავსი განცხადება საკმაოდ უცნაური იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს წარუმატებელი პოკერ-რუმის - Victory Poker-ის სახე იყო.
"მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ლუზ-აგრესიული სტილით დაიწყო თამაში, - ამბობს ბილზერიანი, - დღესდღეობით, ეს პოკერის ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა. ამან ბევრი უპირატესობა მომცა: მეტ დარიგებაში ვღებულობდი მონაწილეობას, ცუდ მოთამაშეებთან ხშირად შევდიოდი დაპირისპირებაში, ოპონენტებს ნაკლებად შეეძლოთ ჩემი ხელის წაკითხვა, დიდ ბანკებს ადვილად ვიგებდი."
თუ ბილზერიანს დაეჯერება, სწორედ ლუზ-აგრესიულმა სტილმა მისცა მას დიდი ფული. როგორც ყვება, 2015 წლის ერთ-ერთ სესიაზე მან $54 მილიონი დოლარი მოიგო: "ერთ ტიპს $54 მილიონი მოვუგე. ისე ვიგრძენი თავი, როგორც ალ პაჩინოს გმირმა Scarface-ში. აღარ ვიცოდი ფული სად წამეღო. ვიგებდი პოკერის მაგიდებთანაც და ტოტალიზატორებშიც."
ჯერჯერობით, დენ ბილზერიანის ხმაურიან განცხადებებს ცნობილი მოთამაშეები არ გამოხმაურებიან. როგორც წესი, ბილზერიანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დაუდასტურებელია. მისი ისტორიების გადამოწმება შეუძლებელია - მათ შესახებ არც დოკუმენტი არსებობს, არც ფოტო ან ვიდეო მასალა, არც თვითმხილველი.





