ჰელმუტის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა სასამართლო დავაში ეხვევა
როცა ერთეული ბიტკოინის ფასი სულ რაღაც $90 დოლარი იყო, ფილ ჰელმუტს კრიპტოვალუტაში ინვესტირება შესთავაზეს. ტრადიციული თავდაჯერებულობით, WSOP-ის 16 სამაჯურის მფლობელმა, მაშინდელი შეთავაზება უგულებელყო. "სამწუხაროდ, რჩევა არ გავითვალისწინე, - ყვება ჰელმუტი, - თავის დროზე, ასევე შემომთავაზეს, რომ ინვესტიციები Tesla-ში, Amazon-სა და Apple-ში განმეხორციელებინა და არც მაშინ დავუჯერე".
სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკანასკნელი WSOP-ის სერიების განმავლობაში, ფილ ჰელმუტის ქუდსა და მაისურებზე ხშირად შენიშნავდით ბიტკოინის ლოგოს. მისი რჩეული Bitcoin Latinum-ია, რომლის პოპულარიზაციასაც მოთამაშე ტვიტერისა და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობს. ყველასთვის ცნობილია, რომ პროფესიონალი მოთამაშეების შემოსავლის ნაწილს, უშუალოდ თამაშის გარდა, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება შეადგენს. ტრადიციულად, მოთამაშეები სხვადასხვა პოკერ-რუმს წარმოადგენენ. ჰელმუტი წლების განმავლობაში ონლაინ პლატფორმა Ultimate Bet-ისა და კაზინო Aria-ს ამბასადორი იყო. ე.წ. "შავი პარასკევის" პერიოდში, როდესაც აშშ-ში ონლაინ გემბლინგზე შეზღუდვები დაწესდა, არაერთი ონლაინ კაზინო, მათ შორის - Ultimate Bet - სკანდალში გაეხვნენ, რადგან ისინი მოთამაშეებისთვის თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ, ჰელმუტი კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში, როდესაც Bitcoin Latinum-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მისმა სამმა ინვესტორმა შეიტანა. ფარიდ ჯომარდოვი, რაიმონდ ჯონა და სიმონ ჯონა Bitcoin Latinum-ს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. 40 გვერდიან საჩივარში, მოსარჩელე მხარე თავს დაზარალებულად აცხადებს და ამბობს, რომ მათ $540.000 დოლარიანი ინვესტიციების გაკეთების შემდეგ მათ კრიპტო ტოკენები არ მიუღიათ. სკანდალის გამო, იანვრის შემდეგ, Bitcoin Latinum-ის ფასი 95% პროცენტით დაეცა. საპასუხოდ, მომჩივან მხარეს თავად კრიპტოვალუტის წარმომადგენლები უჩივიან და თითოეულისგან $1 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვენ, რეპუტაციული ზიანის გამო. Bitcoin Latinum-ის წარმომადგენლების განმარტებით, ამ ადამიანებს ინვესტიციაში $1 დოლარიც კი არ გადაუხდიათ.





