დენიელ ნეგრანუ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა
გასული რამდენიმე დღე, დონალდ ტრამპისთვის, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. სოციალური ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტის მომხმარებლებმა ტრამპის ის ჩანაწერები მოისმინეს, რომლებიც 11 წლის წინ არის გაკეთებული. ტრამპს რომ მტრები არ აკლდა, ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატს, ამჯერად, ბრალი სექსიზმში დასდეს. მას შემდეგ კი, რაც ტრამპის რეალითი შოუს The Apprantice-ის ყოფილმა პროდიუსერმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გავრცელებული ჩანაწერი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ტრამპი სხვა დროს ამბობდა, ინტერნეტსივრცე გლობალურმა აჟიოტაჟმა მოიცვა. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი გამოჩენილი 'მტერი' კანადელი მოთამაშე, აწ უკვე ამერიკის მოქალაქე, დენიელ ნეგრანუა, რომელმაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ძველი ჩანაწერების გავრცელებისთვის $100.000 დოლარიანი ჯილდო დააწესა.
PokerStars-ის სახემ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მარკ ბარნეტი - შოუს იდეის ავტორი და მფლობელი, ჩანაწერების უკანონოდ გამავრცელებლებს სასამართლოში ჩივილითა და $5 მილიონიანი ჯარიმით დაემუქრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბარნეტის მსგავსი განცხადება მხოლოდ ჭორებს ეფუძნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დემოკრატების შეძლებულმა გულშემატკივრებმა $5 მილიონი დოლარის შეგროვება გადაწყვიტეს იმ პირისთვის, ვინც წლების წინ გაკეთებულ და შემდეგ გადამალულ ჩანაწერებს გამოააშკარავებდა. დენიელ ნეგრანუც ჰილარი კლინტონის სწორედ ერთ-ერთი იმ გულშემატკივართაგანი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ჯიბიდან $100.000-ის გადახდას გეგმავს ნებისმიერი მამაცი ამერიკელისთვის, ვინც ტრამპს 'ნიღაბს ჩამოხსნის'.





